მიხეილ ჩხენკელი : კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს.

ამის შესახებ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

„რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. შემიძლია, ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული დარგია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განათლებისა და კულტურის დარგები მჭიდრო კავშირშია, თუმცა გამოყოფის შემთხვევაშიც ორივე უწყება აქტიურად ითანამშრომლებს.

„რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, გამოყოფის შემდეგაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს კულტურის მიმართულებასთან“, – აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრმა სპორტის სფეროს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განათლების უწყებასთან ამ სფეროს მჭიდრო ბმაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის. ასევე მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალინ მნიშვნელოვანია. აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე“, – განაცხადა ჩხენკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია
შემდეგი სტატიაპარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს’’ სხვა ლიდერებთან ერთად, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა