მიხეილ ბატიაშვილმა მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ვახტანგ მეიფარიანი კი თანამდებობიდან 18 სექტემბერს თავისივე განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

ცნობილია, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 12 სამსახურიდან 5-ს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
შემდეგი სტატია,,არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი კამპანიის, რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ნარკოტიკები”