მიხეილ ბატიაშვილი : ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები

ვაფასებ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მინდა გითხრათ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ამასთან, გიორგი გხარიამ აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.

ვინ დაინიშნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრად პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : განათლების მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი
შემდეგი სტატიაროგორ შეიძლება, ასე უცებ საკუთარი ნებით თანამდებობიდან წავიდეს, ის უბრალოდ იძულებული იყო – შენგელია ბატიაშვილზე