მიხაილო სამუსი – აშშ-ს შეუძლია, ნატო-ს უახლოეს სამიტზე გამოვიდეს წინადადებით, რომ საქართველოსა და უკრაინას გადასცენ წევრობის სამოქმედო გეგმა

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევი იუწყება, რომ უკრაინელი სამხედროების პოზიციებს კვლავ ცეცხლს უხსნიან. დონბასში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვეს ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომაც. უქმე დღეებზე უკრაინის მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვა მოითხოვა. ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.

ევროკავშირი და აშშ რუსეთს მოუწოდებენ, ვითარება განმუხტოს. თავის მხრივ, რუსეთში ამტკიცებენ, რომ პროვოკაციას უკრაინა აწყობს. ამასთან, კრემლში ამბობენ, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის დისლოცირება რუსეთის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკრაინაში არასტაბილური ვითარება რუსეთსაც უქმნის საფრთხეს. პარალელურად, რუსეთის საგარეო უწყებიდან უკრაინას დაემუქრნენ, რომ კიევი ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯებს თუ გადადგამს, უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ კვირაში უკრაინის საკითხზე მსჯელობა განახლდება ბრიუსელში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ოსტინს ელოდებიან. უკრაინაში არსებული ვითარებაზე ვესაუბრეთ „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტს მიხაილო სამუსს.

– დავიწყოთ რუსეთის საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუქარანარევი განცხადებებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მუქარა?

რუსეთი უკვე 30 წელია, ემუქრება უკრაინას, თუ არ ჩავთვლით მანამდე კიდევ 300 წელიწადს. მოსკოვის მთავარი ამოცანაა, უკრაინა და საქართველო არ გავიდნენ მოსკოვის გავლენის ორბიტიდან. მისი მიზანია, არ დაუშვას, რომ საქართველო და უკრაინა შეუერთდნენ ევროკავშირსა და ნატო-ს. ამიტომ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია, თუ უახლოეს სამიტზე უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას გადასცემენ, რუსეთში ისტერია დაიწყო. ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის გარშემო მასშტაბური სამხედრო მანევრები მიმდინარეობს. რაც ყველაზე საინტერესოა, სამხედრო ძალები, რომელებიც იქ იმყოფებიან, 2016 წლიდან არიან უკრაინის სიახლოვეს დისლოცირებული. 2016-2017 წლებში რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამი ახალი არმია შექმნა. პირველი არის სატანკო არმია, რომლის შტაბი მოსკოვთან ახლოსაა, მეოცე არმია, რომლის შტაბი ვორონეჟშია და მერვე არმია, რომლის შტაბი მდებარეობს ნოვოჩერკასკში, რომელიც უშუალოდ მართავს დონბასში მყოფ საოკუპაციო კონტინგენტს. ამ არმიის შემადგენლობაში შედის არმიის პირველი და მეორე კორპუსი დონეცკსა და ლუგანსკში. ასე რომ, სამხედრო ძალების რაოდენობა ახლა არ გაზრდილა, უბრალოდ, მათ დაიწყეს მოძრაობა და წვრთნების ჩატარება. ამასთან, რუსეთმა შექმნა საინფორმაციო ფონი, ხდება სიტუაციის მიზანმიმართულად დაძაბვა, რომ უკრაინულ და საერთაშორისო საინფორმაციო ველზე შეიქმნას ილუზია მოსალოდნელია ომის შესახებ. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი საკუთარ საინფორმაციო ველზე ცდილობს, წინ წამოწიოს იდეა, რომ უკრაინა ემზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის და დღესვე აპირებს, ომით დაიბრუნოს ოკუპირებული დონბასი და ყირიმის ნახევარკუნძული. ჩემი აზრით, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ეს განცხადება და მუქარა კომპლექსურია. ალბათ გახსოვთ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომელშიც პუტინს მკვლელი უწოდა. პუტინისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. პუტინი ბოლო მოქმედებებით და ამ მილიტარისტული ისტერიით ცდილობს, ყურადღება მიიქციოს და ბაიდენი კომუნიკაციისთვის გამოიწვიოს. თუმცა, ბაიდენის რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. მან პუტინის ნაცვლად ზელენსკის დაურეკა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შემდეგ პუტინი კიდევ უფრო ანერვიულდა. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბოლო განცხადება, რომ ნატო უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას თუ გადასცემს, დონბასი აფეთქდება და უკრაინამ შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა, არის ამ მუქარის გაგრძელება, რადგან არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნატო-ს ყველა წევრი არ არის მომხრე უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების. მათ შორის არიან გერმანია, საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ვერ ხედავენ რუსეთიდან პირდაპირ მომავალ საფრთხეს და მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტად გაღიზიანდება მოსკოვი, მით უფრო მეტად გაიზრდება რუსეთის სამხედრო საფრთხე ნატო-სთვის და შესაბამისად, კოლექტიური უსაფრთხოება შემცირდება. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღება არ არის საჭირო, რადგან ამ ქვეყნებს რუსეთთან აქვთ კონფლიქტი. ამასთან ერთად, არსებობს ნატო-ს სხვა წევრები, მათ შორის პოლონეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება საჭიროა. ახლა პუტინი ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რომ ნატო-ს რიგებში უთანხმოება გააჩინოს. ამის მიზანია ნატო-ს უახლოეს სამიტზე ან თუნდაც საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ქვეყნების ნაწილმა თქვას, რომ უკრაინის და საქართველოს ალიანსში მიღების საკითხის მომავალი სამიტის დღის წესრიგში შეტანა და დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია. ამგვარად, რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ და ამ გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.

– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, რა შეიძლება იყოს რუსეთის მიზანი?

რუსეთი 2016 წლიდან არის მზად ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის ჩასატარებლად. უკრაინის გარშემო და ოკუპირებულ ყირიმში მუდმივადაა მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა. ყირიმში დისლოცირებულია ტექნიკა, რაკეტები, წყალქვეშა ნავები, გემები და ა.შ. რუსი სამხედროები ასევე იმყოფებიან დნესტრისპირეთსა და ასევე ბელარუსში, სადაც რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ფაქტობრივად უკრაინა ალყაშია და რუსეთი მზადაა საომარი ოპერაციის ჩასატარებლად. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიწყებთ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების ანალიზს, ეს შეუძლებელი ხდება – ისტერია, რომელსაც საინფორმაციო ველზე ვხედავთ, არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. უკრაინა ახლა ნამდვილად არ ემზადება რუსეთის პროვოცირებისთვის, უკრაინა არ აპირებს თავდასხმას რუსეთზე და არც ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით გათავისუფლებას გეგმავს. მაინც თუ ვისაუბრებთ რუსეთის სამხედრო ამოცანებზე, ეს ოპერაცია იქნება ფართომასშტაბიანი, რომელშიც ასობით ათასი რუსი და 200 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ომში ორივე მხარეს ჩაერთვება ათასობით ტანკი, თვითმფრინავი და ა.შ. ეს ევროპისთვის იქნება კატასტროფა. ჩვენ ვნახავთ ათობით ათასს დაღუპულს და მილიონობით იძულებით გადაადგილებულ პირს. ევროპისთვის ეს იქნება შოკი. ამის შემდეგ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ განაგრძობენ ისეთი სახით არსებობს, როგორიც ახლაა. ეს კატასტროფული შედეგს მოუტანს რუსეთსაც. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს ახლა ეს სურს. მას სხვა მიზნები აქვს. პუტინის ამოცანა თავისი რეჟიმის განმტკიცებაა. მას ელოდება საპარლამენტო არჩევნები და რუსეთში არც ისე კარგი სოციალური ვითარებაა. ახლა მას სჭირდება მილიტარისტული განწყობის ამაღლება, რათა მისი მომხრე ელექტორატის მობილიზება შეძლოს. ასევე, პუტინს სჭირდება მეზობელი ქვეყნებისა და დასავლეთ ევროპის დაშინება. მას ასევე სურს კომუნიკაცია აშშ-ის პრეზიდენტთან და ეს სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ გამოთქვა. ახლა არ ჩანს მოტივი, რის გამოც პუტინს უკრაინასთან დიდი ომის დაწყება აწყობს. სხვანაირი ომი კი უკვე აღარ იქნება. ჰიბრიდული მოქმედებების ყველა შესაძლებლობა მოსკოვმა ამოწურა. ყველა სხვა ოპერაცია, მაგალითად ყირიმიდან რუსეთამდე დერეფნის გაჭრა ან ყირიმის არხზე კონტროლის დასამყარებლად სადესანტო ოპერაცია, საიდანაც შემდეგ ოკუპირებულ ნახევარკუნძულს წყალი უნდა მიაწოდონ, გადაიზრდება დიდ ომში, რადგან ყველა ამ ოპერაცია მოჰყვება უკრაინის პასუხი. შეიძლება, საქმე მივიდეს ბირთვული იარაღის გამოყენებამდეც კი. თუმცა, მოდი დავუბრუნდეთ კითხვას – რისი მომტანი იქნება ეს პუტინისთვის? რა შედეგი დადგება საერთაშორისო ასპარეზზე? რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ ამის შემდეგ პუტინის რეჟიმს? და რა ეკონომიკური შედეგი დადგება რუსეთისთვის, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? პირადად მე რუსეთის სამხედრო ამოცანებს დღეს ვერ ვხედავ. თუმცა, თუ იქნება ბრძანება, რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს. სამხედროები მზადყოფნაში არიან. ისინი უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან. ანუ, ომის საფრთხე რეალურია, მაგრამ პოლიტკიკურად ეს უფრო მეტად არის პუტინისა და მისი პროპაგანდისტული მანქანის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერა, ვიდრე რეალური სურვილი, დაიწყოს საომარი ოპერაცია.

– თქვენი აზრით, ხომ არ ელოდება უკრაინას საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამეორება, როდესაც მოსკოვმა ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა?

ეს მთლიანად პუტინის პასუხისმგებლობაა. მან ყირიმი გამოაცხადა რუსეთის ნაწილად. ანალოგიურად თუ მოიქცევა დონბასის და ლუგანსკის შემთხვევაში ან იმოქმედებს ე.წ. აფხაზური სცენარით, ეს პუტინისთვის იქნება დამატებითი პასუხისმგებლობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახლა ეს სჭირდება. პუტინს უფრო მეტად სურს უკრაინაში კონფლიქტების ახალ დნესტრისპირეთად გადაქცევა. მისი მიზანია, ეს ოკუპირებული რეგიონები უკრაინის პოლიტიკურ სხეულში შეიყვანოს. ასე მოხდა მოლდოვაშიც. მოლდოვის კანონმდებლობით, დნესტრისპირეთი არ არის ოკუპირებული. დნესტრისპირეთში მომუშავე ბიზნესს შეუძლია, დარეგისტრირდეს მოლდოვაში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა. ეს ტერიტორიები ცხოვრობენ იმის ხარჯზე, რომ მოლდოვა მათგან ყიდულობს რუსულ ბუნებრივ აირის და ელექტროენერგიას. ამრიგად, ასპონსორებს დნესტრისპირეთის რეჟიმს. მეტიც, მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი მოლდოვასა და ე.წ. დნესტრისპირეთის მმართველებს შორის. პრინციპში, იმავეს აღიარებას ითხოვს პუტინი უკრაინისგანაც. მისი მოთხოვნებია, რომ უკრაინამ აღიაროს ე.წ. დონცეკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და დაიწყოს მათთან მოლაპარაკება, ხოლო რუსეთი იყოს უბრალო მოდერატორი. ამას გარდა, რუსეთის ზეწოლის გამო მოლდოვის კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ მოლდოვა არის ნეიტრალური და უარს ამბობს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ცხადია, რომ პუტინს იგივეს მიღწევა სურს უკრაინისგანაც. მას სურს, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, ფედერალური და კიდევ უკეთესი იქნება, თუ უკრაინა იქნება დემილიტარიზებული ტერიტორია, რომელიც მუდმივად ქაოსშია და შესაბამისად, რუსეთი შეძლებს, თავისუფლად შეასხას ხორცი ნებისმიერი პროექტს.

– როგორ შეუძლია აშშ-ს, დასავლეთს იმოქმედონ, რათა შეაკაონ რუსეთი? რისი გაკეთებაა საჭირო?

აშშ-ს შეუძლია, გამოიჩინოს ლიდერობა, მათ შორის ნატო-ს ფარგლებში, აიღოს პასუხისმგებლობა და ნატო-ს უახლოეს სამიტზე გამოვიდეს წინადადებით, რომ საქართველოსა და უკრაინას გადასცენ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ ნაბიჯით აშშ მკაფიოდ მოახდენს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას და აჩვენებს საკუთარ პოზიციას, რომ პუტინს არავითარი ილუზიები აღარ ჰქონდეს, არ ჰქონდეს განცდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შესაძლებელია ისეთივე სქემებითა და მექანიზმებით თამაში, როგორც ეს შესაძლებელი იყო ობამას და უფრო მეტად ტრამპის დროს. თუ აშშ აიღებს პასუხისმგებლობას და შეიტანს წვლილს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების სტაბილურობაში, ეს ძალიან კარგი იქნებოდა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის და ჩაითვლებოდა ბაიდენის პირველ მსხვილ დიპლომატიურ წარმატებად. ცხადია, მოსკოვში ინერვიულებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მწვავე განცხადებებისა და იარაღის ჟღარუნის გარდა სხვა არაფერი მოხდება, რადგან აშშ-ის არც ერთი დღით არ შეუწყვეტია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ეს თანხა ყოველწლიურად 300 მილიონს შეადგენს. ამ დახმარების დიდი ნაწილი არალეტალური იარაღია. ეს არის კავშირგაბმულობის საშუალებები, რადარები, სხვა სისტემები, თუმცა არის ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებიც“. ასევე, გვაქვს პროგრამა, რომლითაც უკრაინა თანამდროვე კატარღებს ყიდულობს. ანალოგიური პროგრამები მუშაობს დიდ ბრიტანეთთან და თურქეთთანაც. ასე რომ, დიპლომატიურ წარმატებასთან ერთად, აშშ-ს შეუძლია, საქართველოსა და უკრაინასთან კავშირების და ნდობის განმტკიცებით, სამომავლოდ აქ თავისი სამხედრო წარმომადგენლობა რეალურად გაზარდოს, როგორც ეს არის პოლონეთსა და რუმინეთში, მაგალითად, განალაგოს ანტისარაკეტო თავდაცვითი საშუალებები. ანტისარაკეტო თავდაცვა ტყუილუბრალოდ არ ვახსენე. ეს ასპექტი მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი, გადამწყვეტიც კი, რადგან ახლა უკრაინის გარშემო დისლოცირებულია რუსული სარაკეტო კომპლექსები, რომელთაც ერთი გასროლით 300 რაკეტის გაშვება შეუძლიათ. მათ შორის 100 „ისკანდერი“, რომლებიც შედის რუსეთის სამი ახალი არმიის შეიარაღებაში, რომელიც უკვე ჩამოვთვალე და ასევე შავი ზღვის ფლოტი, მათ შორის ხომალდები და წყალქვეშა ნავები. ეს არის დაახლოებით ორასი ფრთოსანი რაკეტა. ერთი გასროლით 300 რაკეტის გასროლა ძალიან ბევრია. ბევრია შეიარაღებული ძალებისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, სახელმწიფო და სამხედრო მართვის სისტემებისთვის. რუსეთს ომის პირველ საათებში შეუძლია, დაარღვიოს კომუნიკაცია და შეაფერხოს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების, არამედ ზოგადად სახელმწიფოს მართვა. ამასთან ერთად კი, სრულად გაანადგუროს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვაც, რაც მათ სრულ უპირატესობას მისცემთ ჰაერში, ამას კი რუსეთი გამოიყენებს საჰაერო შეტევითი ოპერაციის ჩასატარებლად. ამიტომ უკრაინის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემების ელემენტების განთავსება მნიშვნელოვანი იქნებოდა, არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ პრაქტიკულადაც. ამ შეთხვევაში შესაძლებელი გახდება რუსეთის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის აღკვეთა, რომელიც ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში, სარაკეტო იერიშით დაიწყება. თუ სარაკეტო შეტევას ამ სისტემიდან გამოვთიშავთ, მაშინ რუსეთის ოპერაცია შეიძლება საერთოდ ჩავარდეს. ასე რომ, აშშ-ს შეუძლია დაიწყოს დიპლომატიით და შემდეგ გააგრძელოს უფრო კონკრეტული დახმარება საქართველოსა და უკრაინისადმი.

– ბოლო შეკითხვა ეხება თურქეთში არსებულ სიტუაციას, სადაც რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს სამხედრო ადმირლები. საუბარია ახალი არხის გაჭრაზე ბოსფორის სრუტის გვერდით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა თურქეთის მხარდაჭერა და შეუძლია ანკარას, ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე?

თურქეთი ცხადია, მოქმედებს საკუთარი ინტერესებით, რომელთაც მიზანმიმართულად და სისტემურად მიჰყვება. თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს უკრაინას. უკრაინას წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა გვაკავშირებს თურქეთთან. უკრაინა თურქეთისგან ყიდულობს შეიარაღებას, ერთად ვაწარმოებთ სტრატეგიულ შეტევით უპილოტო საფრენ აპარატებს, ერთად ვმუშაობთ სამხედრო კორვეტებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამხედრო საზღვაო ძალების ბირთვს. თურქეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა არ ვამბობ, რომ დღეს თურქეთს შეუძლია, კონფლიქტი ჰქონდეს რუსეთთან უკრაინის გამო, რადგან მოსკოვს ანკარასთან უფრო რთული კონფიგურაციის ურთიერთობა აქვს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ახსენეთ ახალი არხი. ამ არხს შეუძლია, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს ნატო-სთვის, რათა ალიანსმა გაზარდოს და შექმნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ძალები შავ ზღვაში, რადგან ამ არხით შესაძლებელი იქნება მონტროს კონვენციის მკაცრი შეზღუდვებისა და ლიმიტების გვერდის ავლა. ეს შესაძლებელი თუ იქნება, მაშინ შავ ზღვაში ძალთა ბალანსი შეიცვლება. რუსეთი ახლა სრულად დომინირებს შავ ზღვაში, როგორც ხომალდებით, ისე წყალქვეშა ნავებით, რაკეტებით. სამწუხაროდ, ნატო-ს ჯერ არ აქვს სტრატეგია, როგორ შეიძლება ამის შეცვლა. რუმინეთსა და ბულგარეთს არ აქვთ სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთს. უკრაინა ახლა აშენებს თანამედროვე ფლოტს. ამიტომ დროის ამ მონაკვეთში, ვიდრე რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო და უკრაინა შექმნიან ძლიერ საზღვაო ძალებს, არ იქნებოდა ურიგო, რომ ნატო-ს თავისი ძალები გაეგზავნა შავ ზღვაში, რითიც მოხდებოდა რუსეთი აგრესიის შემდგომი ზრდის შეკავება.

 

პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხვედელიანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქცია პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით აფრთხილებს