“მგონი, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, რადგან გვინდა, თანმიმდევრულები ვიყოთ”

მგონი, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, რადგან გვინდა, თანმიმდევრულები ვიყოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ გაანაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ჯერ გასარკვევია, ვინ იღებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„თუ ერთ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, და მეორე დღეს აპრიორი ვითხოვთ შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას, როცა წინ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, არა დამნაშავის დასჯა და მისგან პასუხისმგებლობის აღება, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა, რასაც მეტად აძლოერებს გადადგომის მოთხოვნა. თუ დამნაშავეა ეს ხალხი და ვუყურებთ როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ გადადგომა რატომ არის საკმარისი? სხვა რამე უნდა მოვითხოვოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ ამბავი და შემდეგ ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსხვერპლის ძიებას, ვიდრე არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ რაღაცაში, ახლა ამას უნდა ვარკვევდეთ.

ხან შს მინისტრს ვაბრალებთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, ხან სუს-ისას, ხან ბიძინას, ხან კობახიძეს და სინამდვილეში, არაფორმალური მმართველობის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალურად, არ ვიცით, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. ახლა რომ გადადგეს ღარიბაშვილი და მოვიდეს კობახიძე, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და მოვიდეს „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი, ხომ არაფერი არ შეიცვლება. გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა და არაფერი შეიცვლება, აი ამის წინააღმდეგი ვარ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: შსს-მ ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეასრულა საკუთარი მოვალეობა
შემდეგი სტატიაპირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა