მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ძალიან მალე მარხვა იწყება და იმედია რომ გულში ჩახედვის გარდა, ჩვენც ჩავიხედავთ ქრისტიანულ სამართალში

ძალიან მალე მარხვა იწყება და იმედია რომ გულში ჩახედვის გარდა, ჩვენც ჩავიხედავთ ქრისტიანულ სამართალში. საქართველოს ეკლესიას თავისუფლება როდესაც წართმეული ქონდა ეგზარქოსები საშინლად სტანჯავდნენ მორწმუნე მღვდლებს, ვერ იტანდნენ მათგან სიმართლეს. ერთ-ერთი იყო დევნილთა შორის იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). ეგზარქოსი ევსები იყო მისი მტერი. როდესაც ეკლესიის იერარქი დაივიწყებს სიწმინდეს და მიეცემა გინებას, ლანძღვას, ხელით შეხებასა და ადამიანების შევიწროვებას, ძალიან ძნელია ასეთ დროს მასთან ყოფნით ღვთის მადლს განიცდიდე. ევსები მღვდლებს ყურს უწევდა, მსახურების დროს ფილონს ახდიდა და ტაძრიდან აძევებდა. ყველაფერი გასდიოდა, იმიტომ რომ შესანიშნავად აღავლენდა წირვა-ლოცვას, მჭერმეტყველებითაც გამოირჩეოდა და წარმოსადეგი კაცი იყო. ამ გარეგან მხარეს ვერაფერს აკლებდა შინაგანი სიმახინჯე და სიბოროტე; იყო უწყალო, მექრთამე და … ქვენა ვნებათა ჟინიანი მიმდევარი. დღესაც შეიძლება მსგავსი ხასიათის ადამიანი გავიხსენოთ, ჩვენი სტუდენტობიდან არაერთი მაგალითი გვაქვს ტერორის, ლანძღვის, შეურაცხყოფის, ხელით შეხების და ა.შ.
ამიტომაცაა სასწავლებელი ჩამორჩება სულიერ განვითარებას, თავისუფლების მაღალ ხარისხს.
უმწიფარი ხასიათის ქონა ხელს უშლის ქრისტიანული, მაგრამ განსხვავებული აზრის მატარებელი ლექტორების შეწყნარებას. ყველაზე მტკივნეული ის ფაქტია, რომ ,,დასმენების” და ენის მიტან-მოტანის შედეგად ადამიანებს ხელოვნურად ,,ამათრახებენ”. ეკლესიის ისტორიიდან რომ გავიხსენოთ, ეგზარქოს ევსების ყავდა თავისი აგენტურა; საზიზღარი საქმის შემსრულებელად ის იყენებდა სიონის კათედრის დეკანოზს, ტომით ქართველ, მაგრამ ბუნებით ურჯულო პიროვნებას. დიდი ოხერი და დაუნდობელი კაცი იყო. ამ დეკანოზის სიტყვა ევსებისთვის სახარების სიტყვა იყო. განა რა გახდა რექტორი, რომ ამდენი ადამიანის მართებული პროტესტი დღემდე სინოდზე არ არის განხილული და მისი სიტყვები ლამის უდაო ჭეშმარიტებად გვიქციეს. სასულიერო სასწავლებელში ყოფნის დროიდან მესმოდა ფრაზები: ესა და ეს ეკლესიის მტერია… ჩვენც იგივეს უნებლიედ ვიმეორებდით ერთმანეთში, რახან ასე ითქვა… სანამ დაფიქრდები ღრმად, მანამდე ეს ცილისწამება თავის საქმეს აკეთებს.
რუსული მანქანაც ზუსტად ასე მუშაობდა: ,,ესა და ეს კაცი უნდა დაიღუპოს, ბრძანებდა მამა ბასხაროვი, და უნდა დაღუპულიყო. ,,მტკვარი აღმა მიდის” გვეტყოდნენ და ჩვენც ვიჯერებდით. მაგრამ ქვეყანა მარტო ასეთი ადამიანებით არ არის მოკირწყლული, ქვეყანას გულშემატკივრებიც ჰყავს, მისი სიკეთისათვის თავდადებულნი. პროტოპრესვიტერის მხრიდან ბარნოვის შესაძლო გაგდება მაგონებს ი. გოგებაშვილის თავიდან მოცილებას ეგზარქოსის მხრიდან. თავი დაანებებინა სასულიერო სასწავლებელს, ლექციები ჩამოართვა და გალანძღული გააგდო. როდესაც სურვილი ჰქონდა ვინმეს ,,გაწირვის” მაშინათვე საჩივრებს გააჩენინებდა სიონის დეკანოზსს. ასეთივე წერილი მოამზადა გაბრიელ ეპისკოპოსზეც. სანამდე შეიძლება ასეთ უხეირო საქციელებს მივადევნებდეთ თვალს? ნამდვილად არ ვარ ისეთი მღვდელი, რომ ქრისტიან სასულიერო პირზე მეამოს ცუდი ხმები. მახარებს როდესაც წარჩინებულ სასულიერო პირებზე მესმის დადებითი, მაწუხებს როდესაც ვხედავ განუვითარებლობას სასწავლებლისა. მაწუხებს როდესაც მუდმივად ჩივილი და ცუდი ხმები მესმის, ყოველთვის ვფიქრობ რომ ,,აი ახლა ჩაბარდება წარსულს და სათქმელი არაფერი გვექნება”, გამოდის მუდმივად ჩნდება დიდი ხარვეზები, ისიც უზრუნველობისა გამო. გამოუსწორებელი საქმეები ორ ბანაკს აჩენენ თავისთავად — ბრალმდებელი და ბრალდებული, სანამ საქმის შესწავლა და სიმართლის აღსრულება წარმოებაში არ შევა, მანამდე მუდმივად იქნება მსგავსი შემთხვევები! აშკარაა რომ უმართავი ხასიათი მიიღო პროცესებმა სასწავლებელში და ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა კი ნებისმიერ მორწმუნე ქრისტიანს ეკისრება…

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – პარლამენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
შემდეგი სტატიასუიციდის მცდელობა რუსთავი 2-ის შენობასთან – მამაკაცი ზესტაფონის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს