მღვდელმონაზონი ანდრია სარია ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე) პასუხობს

პასუხი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე)

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გვაქვს ფუფუნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების მხრიდან მოვისმინოთ არაკომპეტენტური, ზედაპირული და რჯულის კანონისგან განყენებული მსჯელობა. როგორც ვხედავთ, რიგი მღვდელმთავრები ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს საეკლესიო სამართლისა, არის მცდელობა კათალიკოს-პატრიარქისა თუ საკუთარი პირადი შეხედულებები წარმოგვიდგინონ საეკლესიო სწავლებად. მიტროპოლიტი პეტრე გახლავთ სინოდის წევრი, უბრალოდ მას პატრიარქ ილია II მხრიდან პირადი შურისგების მიზნით აეკრძალა მღვდელმოქმედება და განაყენა ჭყონდიდელობიდან, რაც იყო უკანონობა და წმიდა მამათა მოძღვრების დარღვევა. ჩვენ ვიცით, რომ მიტროპოლიტი პეტრე ნდომით აღჭურვილი პირია საზოგადოების წინაშე, ამიტომ მისი ბრალდება აუცილებლად წარმოებაში უნდა მიეღო სინდოს მოციქულთა 74-ე კანონის თანახმად: ,, ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს…ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს”, თუმცა ეპიტემიის დონეზე დაყვანა იმ ბრალდებისა, რასაც მიტროპოლიტი პეტრე აჟღერებს საკმარისი ვერ იქნება. ამდენად, პატრიარქ ილია II არ ქონდა უფლება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის წინააღმდეგ გამოეყენებინა სასჯელი და განეყენებინა იგი მღვდელმსახურებიდან, ვინაიდან ბრალდებულს არ შეუძლია ბრალმდებელი გააჩუმოს. აქვე, სხვა მღვდელმთავრების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ სინოდის გარეშეც შესაძლებელია 12 ეპისკოპოსმა რჯულის კანონისა და რუის-ურბნისის ძეგლისწერის შესაბამისად განიხილოს პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდება: ,,თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა” კართაგენის კანონი 12. შესაბამისად, ჩვენი ეპისკოპოსები ვალდებული არიან მსოფლიო ეკლესიის მიერ დადგენილი კრების თანახმად იხელმძღვალელონ და არა საპატრიარქოში მიღებული განჩინებებით, ვინაიდან თითოეულ მათგანს მოუწევს ადრე თუ გვიან ამ საკითხებზე პასუხის გაცემა კანონიკურ ჭრილში. რაც შეეხება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე), უმჯობესია გაიხსენოს წმინდა სინოდის სხდომაზე რამდენჯერ უნახავს დროებით განყენებული მღვდელმთავრები…
მიტროპოლიტმა პეტრემ წამოაყენა სერიოზული ბრალდება, რაც საეკლესიო სამართლის მიხედვით არ უნდა დარჩეს გამოუკვლეველი. სინოდის წევრები ვალდებულნი არიან საეკლესიო სასამართლოს ფორმატში იმუშაონ ამ საკითხზე მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად. არაერთხელ გვითვქამს, რომ არაჯეროვანია როცა ეკლესიაში წმინდა მამათა კანონებით არ ვიხელმძღვანელებთ და სიმკაცრე გვაქვს განდევნილი, ვშიშობთ საეკლესიო საქმეები არეულობაში მოვა და ცუდ შედეგს მოგვიტანს გულგრილობისა, უცოდინრობისა და მიკერძოებულობის შემთხვევაში, რომლისაგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!

მღვდელმონაზონი ანდრია (სარია)

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში ჩაის პლანტაციები იწვის – ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდებიან