მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან

„ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან“, – ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამა ანდრია სარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში აზიარა.

„საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა, პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე მაინც არ შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ანაკლიის პროექტი შეჩერდა რუსეთის დავალებით
შემდეგი სტატიაივანიშვილი, ანაკლია და რუსეთთან ურთიერთობა – რომან კაკულიას სკანდალური განცხადება