მღვდელმონაზონი ანდრია სარია ,,პატრიოტთა ალიანსს” პასუხობს

საქართველოში, სამწუხაროდ არსებულ ისედაც მძიმე ვითარებისას, დასანანია რომ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსმა” მოინდომა მდგომარეობის გამძაფრება. ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს მართებულად რომ ვერასდროს აფასებდნენ ეს გასაგებია, მაგრამ ახლა უფრო შორს გაიჭრა მათი ხედვა და ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. თარხან-მოურავისა და ინაშვილის მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს. აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი. მღვდელმთავართა სამართლიანად და მკაფიოდ გამოხატული აზრი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობასთან დაკავშირებით, მავანთ მოსვენებას უკარგავს. პარტიის ლიდერებს დაავიწყდათ რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ისინი არათუ განცხადებას აკეთებენ, არამედ პარტიულ ულტიმატუმს უყენებენ სინოდს, საუბრობენ უმრავლესობის სახელით და არ ერიდებიან ცილისმწამებასა და მკრეხელობას. პოლიტიკოსების ეკლესიაში მიმდინარე საკითხებზე ასე მზაკვრულად და ფარისევლობით ჩართვა ბოროტებაა და ძალიან დამაფიქრებელია. მღვდელმთავარს აუგად იხსენიებენ, მის ხარისხს არ აღიარებენ და თავს ქრისტიანად თვლიან და ეკლესიურად წარმოაჩენენ, ყველა ზღვარს გადადიან და რჯულის კანონსაც ახსენებენ დამახინჯებით! ერთგვარ პარტიულ სექტას დაემსგავსნენ თავიანთი საქციელითა და განცხადებებით, იმათ მსგავსად ვინც ქრისტეს გასამართლებასა და ჯვარცმაში მიიღეს მონაწილეობა. დღეს, სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ითვლება თუ ვინმე ეკლესიის საკითხებზე განსაკუთრებულ ,,სკანდალს” იკადრებს და მოაწყობს. როგორც ჩანს ამ პარტიამ განიზრახა ეკლესიაში მიმდინარე საკითხებზე სპეკულაციით არარსებული რეიტინგის წამოწევა, საგულისხმოა რომ ეს ყველაფერი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას ემთხვევა. პოლიტიკოსები ასეთი პოპულისტური და იაფფასიანი სპეკულაციებით ცდილობენ მოსახლეობის მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას და ,,რეიტინგის” მოპოვებას. მათ ცხოვრების წესს რომ დავაკვირდეთ, არცერთი არ გამოირჩევა: სიმშვიდით, სიყვარულითა, თავმდაბლობით და არც სახელმწიფოებრივი აზროვნებით. როდესაც სხვას მიუთითებ თავდაჭერილობაზე, იქვე უნდა გაგახსენდეს შენი აღვირახსნილობა, ბილწსიტყვაობა, ქუჩური მენტალიტეტი და სხვა მანკიერებანი! სხვის ამპარტავნებაზე მოსაუბრე, თავად უნდა იყო უკიდეგანოდ თავმდაბალი, მაგრამ არც სიტყვაში ეტყობა მათ ეს და არც საქმეში თავისთავად! პროვოკაციული განცხადება რეაქციის გარეშე არასდროს რჩება და ეს მოკლე ჭკუით პოლიტიკურად გათვალეს, მაგრამ ამავე დროს დაავიწყდათ მამხილებელი წარსული და კოლაბორაციონალიზმი!
ეკლესიის საქმეებშიც კი მოინდომეს ურცხვად ჩარევა, მაგრამ შევახსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს მათ უმეცრებას, რადგან ყველა გზას აცდნენ: … ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არიან სიკეთის მქმნელი…” (რომ. 3. 12) ძალიან ცუდად მენიშნა მათი აქტივობა… პავლეს სიბრძნით რომ დავასრულო: ,,პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე”(რომ. 3.13).
შევახსენებთ, რომ ღმერთი სიმართლეშია და უფალი მეფობს! ამინ!

 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიზვიად ცაბაძე: ”შეიცან თავი შენი”
შემდეგი სტატია,,ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია – ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟს”