მღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს.

მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაბამის მხარეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ეს ტერიტორია უკონტროლოა და ახლა პროცედურები მიმდინარეობს. შედეგებს დაველოდოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გიგა ოთხოზორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

banner
წინა სტატიაში„თბილისის მიკროავტობუსში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს
შემდეგი სტატიამთავრობის ახალ შემადგენლობას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს