მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩავარდა და 2 მანქანა ჩაიყოლა

თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი პროგნოზები, როდის მოხერხდება პრობლემის მოგვარდება ჯერჯერობით უცნობია. საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით პრობლემის მოსაგვარებლად ყველა სამსახური მობილიზებულია, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან და შლამისგან სუფთავდება მიმდებარე ქუჩები.

ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსახლეობას კომპანია “GWP“ აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად მგალობლიშვილის ქუჩაზე მივიდა. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. ირაკლი ბაბუხადია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინერეობს
შემდეგი სტატიაგახარია თბილისი პრაიდზე: სტრასბურგში სარჩელის შეტანა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა