მეზვრიშვილი: ,,მოვითხოვთ, ცესკო-სგან დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება – ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციას ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია.’’

,, გაცნობებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მის მიერვე მიღებული დადგენილების საწინააღმდეგოდ, შეიმუშავა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციის იმგვარი წესი, რომელიც არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს და შესაბამისად, ვერ აზღვევს ხმებით მანიპულირების რისკებს.’’ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
,, 2021 წლის 28 ივნისს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 23 აგვისტოს მიღებულ იქნა N55/2021 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის ვალდებულება, კენჭისყრის დღეს განხორციელდეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. დადგენილების თანახმად, „პირველმა მთვლელმა ბიულეტენი იმგვარად უნდა დაიკავოს ხელში, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია“, ხაზს ვუსვამ – ვიდეოგადამღებ მოწყობილობას უნდა შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 26 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმიტირებული კენჭისყრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სათანადოდ არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს – ჩანს მხოლოდ ბიულეტინის სილუეტი და ბიულეტენის შინაარსის გარკვევა/დადგენა აბსოლუტურად შეუძლებელია. (შეგიძლიათ ეს ყველაფერი იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდის ლინკზე იხილოთ: https://cesko.ge/geo/list/show/125887-munitsipalitetis-tsarmomadgenlobiti-organos–sakrebulos-da-tvitmmartveli-qalaqis/tvitmmartveli-temis-meris-2021-tslis-2-oqtombris-imitirebuli-kenchiskris-mokle-angarishi)’’ – განაცხადა მეზვრიშვილმა

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცესკოს მიერ საკუთარი დადგენილების იმ ნაწილის შეუსრულებლობა, რომელიც საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის დაცვას ემსახურებოდა – რეალურად ზღუდავს ხმების დაცვის და ბიულეტენების დათვლით სპეკულაციის დაზღვევის შესაძლებლობას.

„ცესკო-ს დადგენილების მოთხოვნების სანახევროდ შესრულება ბუნებრივია ვერ აღწევს ხმებით მანიპულირების თავიდან აცილების მიზანს. გარდა ამისა, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კომისიებში არ ჰყავს წევრები, ეზღუდება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.“ – ამბობს მეზვრიშვილი.

„აღნიშნულის შესახებ ჩვენ ბუნებრივია უკვე შევატყობინეთ – კომუნიკაცია შედგა ცესკო-სთან, ასევე შევატყობინეთ საერთაშორისო პარტნიორებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მოვითხოვთ, ცესკო-სგან უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება – ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: მსურს გულწრფელად მივესალმო მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დაფუძნებას