მეზვრიშვილი – ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე

ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, ხელისუფლება დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით და აქტიურად იყენებს სახელმწიფო მანქანას, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიის კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური შევიწროებისა და დანაშაულების ფაქტები კიდევ არაერთხელ გამოვლინდა.

„აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ამას შეფარული მეთოდებით აკეთებს. პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რაც ჩვენს საზოგადოებას 2011-12 წლებიდან ახსოვს. „ქართული ოცნება“ ცდილობს სახე შეინარჩუნოს, თუმცა მათი მხრიდან ასეთი ფაქტები დაფარული ვერ დარჩება. მათ ეგონათ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები შეშინდებოდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტია ზეწოლა გუნდის წევრებზე, მხარდამჭერებსა და კანდიდატებზე, მით უფრო მეტად ბრძოლის სურვილი იზრდება და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამის ნათელი დასტურია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ათეულობით ადამიანმა საჯაროდ განაცხადა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანონო პოლიტიკური დევნისა და შევიწროების შესახებ. მეზვრიშვილი ასევე შეეხო მათი პარტიის წევრის, აკაკი ბართაიას დაკავების ფაქტს, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

„არ შემიძლია, რომ საჯაროდ მხარდაჭერა არ გამოვუცხადო აკაკი ბართაიას, იმ გამბედაობისთვის, რომელიც მან გამოავლინა. მინდა, მას გუნდის სახელით დავპირდე, რომ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ უკანონოდ დაკავებული აკაკი ბართაიას გათავისუფლებისთვის“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ამის პარალელურად, გართულებულ ეპიდვითარებაში მან ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ადამიანთა სიცოცხლეზე მეტად საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს აყენებს.

„სიკდილიანობის მაჩვენებლის კლება ქვეყანაში არ შეინიშნება, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნებას“ ქვეყნის მართვის და კრიზისებთან გამკლავების არც უნარი გააჩნია და არც კომპეტენცია.

სამწუხაროდ, რასაც კოვიდის კუთხით ვხედავთ, არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგი. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანთა სიცოცხლე. მათ პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებით იყო დაწესებული. მათ არ უწარმოებიათ ვაქცინაციის სწორი და ეფექტური კამპანია და არ გაუთვალისწინებიათ პროფესიონალების რეკომენდაციები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი – საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი