მეზვრიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო

იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური ცვლილება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ალბათ, უკვე მოვიდა დრო, რომ ვაღიაროთ რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს და ამას, რაც უფრო ადრე ვაღიარებთ მით უფრო მეტად სწრაფად გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. ვთვლით, რომ ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური ცვლილება. საბჭო არის ის ორგანო, რომელიც მართავს მთლიანად სასამართლო სისტემას, იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს და თუ საბჭოში მანდატის, უფლებამოსილების, გავლენის ჯგუფების შესუსტების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა დანარჩენ ცვლილებას, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, შედეგი ვერ ექნება და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის იმიტაცია, ისევე როგორ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამას ადგილი ჰქონდა.

ჩვენ კონკრეტული ინიციატივით გამოვედით გუშინ და ამას დავაინიცირებთ უახლოეს დღეებში პარლამენტში, რომ საბჭოში გადაწყვეტილება მიღებული იქნეს საბჭოს წევრთა 2/3-ით , რაც არის დამატებითი გარანტია იმისა, რომ იქ არსებული გავლენის ჯგუფის გავლენები შესუსტდეს.

ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს გადადოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი კანდიდატების არსებობა და ეს ხუთი წევრი სწორედ გარანტი უნდა ყოფილიყო ამისი. იმედი მაქვს, რომ უკან დახევა მოუხდება“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება
შემდეგი სტატიახვიჩია – “ოცნებამაც” უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო მის მიერ მოწონებული კანდიდატის მიერ ჩატარებული არჩევნები პრობლემა იქნება