მეზვრიშვილი – იმაზე, რომ დღისით, მზისით ვიღაცა ბედავს პოლიციელზე თავდასხმას, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

იმაზე, რომ დღისით, მზისით ვიღაცა ბედავს პოლიციელზე თავდასხმას, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც არაფერს აკეთებს პოლიციის მიმართ ნდობის გამტკიცებისთვის, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი გორში პატრულის თანამშრომლის ცემის ფაქტს.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელია და არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს. მისივე თქმით, მიზეზების ძიება ახალისებს ძალადობას, რითაც სამართლებრივი სახელმწიფო არ და ვერ შენდება.

„ეს ადამიანები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ჩვენს უსაფრთხოებას თავისივე სიცოცხლის რისკის ფასად. მათზე თავდასხმა, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის სახიფათო. თუ ქვეყანაში გვინდა წესრიგი და სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, პოლიციას პატივი უნდა ვცეთ“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ამასთან, ის პოლიციის სამუშაო პირობებსაც უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ პანდემიის დროს პოლიციელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მოუწიათ მუშაობა.

„წლებია უამრავი სხვა ფუნქციის შესრულება უწევთ და ეს მაშინ, როცა მათი სამუშაო პირობები ჯერ კიდევ ვერ არის ისეთი, როგორსაც იმსახურებენ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის მხრებზე გადაიარა პანდემიის დროს 24 საათიან რეჟიმში რეგულაციების აღსრულებამ“, – აღნიშნავს მეზვრიშვილი.

გიორგი გახარიას თანაგუნდელის თქმით, პოლიციაზე თავდასხმის პრევენციისთვის მხოლოდ სასჯელის ზომის გამკაცრება არ კმარა და საჭიროა დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა.

„პოლიციელზე თავდასხმისთვის მხოლოდ სასჯელის უსასრულოდ გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამისთვის, დაწყებული რეფორმები, რომელიც დღეს სამწუხაროდ, შეჩერებულია, უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს პირველ რიგში, პოლიციელის ღირსებისთვის,“ – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მაღალი იქნება პოლარიზაციის ხარისხი
შემდეგი სტატიაჰარცელი – ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი