მეზობლის “ტუალეტიდან” თავზე შარდი, ნარეცხი და ნაბანი წყალი გვეწვეთება

„აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, შეძრწუნებული და შეწუხებულია ნანახით…‘’-თბილისის აზერბაიჯანული თეატრის პრობლემები

„მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მოტივაცია და ხალისი არ გვაქვს იმ პირობებში, როცა მეზობლის “ტუალეტიდან” თავზე შარდი, ნარეცხი და ნაბანი წყალი გვეწვეთება, ჩვენ მაინც ვმუშაობთ და სპექტაკლებსაც ვდგამთ. ამჯერად, რეჟისორი დავით ნიკოლაძე, თეატრის მსახიობებთან-ლეილა კასუმოვასთან და ანარ გუმბათოვთან მუშაობს ჟან კოქტოს პიესაზე „ხმა მღაღადებლისა“ და სეზონს სწორედ ამ სპექტაკლის პრემიერით დაიხურავთ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი,  დურსუნ ჰასანოვი, პირველად რომ მოვიდა და ნახა, თეატრში რა მდგომარეობაა, ისე გაოცდა, რომ ხმა ვერ ამოიღო, წასვლის წინ კი, მადლობა გადაგვიხადა, რომ ამ არაადამიანურ პირობების მიუხედავად, თეატრის კარი არ გამოვკეტეთ! ბატონი დურსუნი, შეძრწუნებული და შეწუხებულია ნანახით, რაც ხელს უშლის თეატრის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
14 წელი, ასეთ პირობებში ვმუშაობთ. ინგრევა და ნადგურდება თეატრის შენობა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ აქ საპირფარეშო არ არის, თეატრში არც სცენაა და არც მაყურებელთა დარბაზი. ხელი ვერ დაგვიბანია, წყალი ვერ დაგვილევია. იატაკის ჩავარდნის და კედლების ჩამოშლის გვეშინია. შენობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ჩვენს სამუშაო ოთახებში თითქმის ყოველ დღე ჩამოდის ნარეცხი და ნაბანი წყალი… ბათქაში თავზე გვეყრება, იატაკი სველდება და ლპება…
იანვრიდან, თეატრის ბიუჯეტიც 10 %-ით შეგვიმცირდა და შესაბამისად თანამშრომლებს ისედაც მწირ ხელფასებზე 10 %-ტი მოგვაკლდა. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო, რაც მსახიობებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასებზე დაგვემატა, იმისთვის რომ სამსახურში სიარული შევძლოთ… თბილისის აზერბაიჯანული თეატრისთვის ამდენი წლის მანძილზე ეს პირველი დახმარებაა.


თანხა მინიმალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი! თეატრის თანამშრომლები-ადმინისტრაცია და მსახიობთა დასი, მადლიერია ამ დახმარების და იმედს არ ვკარგავთ, რომ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროდან ჩვენი თეატრისთვის თანხის სუფსიდირება კვლავაც გაგრძელდება, რადგან ჩვენი თეატრის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 170-230 ლარს არ აღემატება და თანამშრომლების უმრავლესობას სამსახურში მოსვლისთვის ორი სამი ტრანსპორტის გამოცვლა ჭირდება…“- განაცხადეს თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრში

banner
წინა სტატიაშიმამა განწირულ შვილს სიკვდილთან შესახვედრად ამზადებს
შემდეგი სტატიასომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო დანაშაულების გამო უჩივლებს