მევლუთ ჩავუშოღლუ – ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი

ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

„ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და შევთანხმდით, რომ რიგით მესამე სხდომა უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე საქართველოში, არსებობს ასეთი გეგმა. ასევე, ვისაუბრეთ შერეული ეკონომიკური კომისიების მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მე ვფიქრობ, როგორც კი ცნობილი გახდება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის თარიღი საქართველოში, მეც ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. დღეს ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში და დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ამ ვიზიტს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზეც.

„ჩვენი კეთილი მეზობლისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ილია დარჩიაშვილს გულწრფელად გავუზიარე ამ მხრივ ჩვენი მოსაზრებები და მოლოდინები, რაც კონკრეტულად ეხება ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აღნიშნულ შეხვედრებზე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხებზე.

„ვისაუბრეთ უკრაინისა და ყარაბაღის საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში განვითარებული ერთ-ერთი მოვლენა, კერძოდ, როდესაც საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მე პირადად ვესაუბრე მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის მინისტრს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით და შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით რეგიონში მშვიდობის განმტკიცების საკითხები. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში აგრომეურნეობა ვითარდება
შემდეგი სტატიამევლუთ ჩავუშოღლუ – რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, გვსურს, ეს პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად სარგებლიანი, მარტივი და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო