ქუჩაში ავტომობილის მართვისას მაღალი სიჩქარე და ე.წ. „დრიფტი“ (მართვადი მოცურება) შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი შესაძლებლობები ქუჩების ნაცვლად სპეციალურ შეჯიბრებებზე დაამტკიცონ, სადაც ამისთვის უსაფრთხო სივრცეა მოწყობილი. მელაძემ საკუთარი ოჯახის ტრაგიკული მაგალითიც ახსენა და აღნიშნა, რომ სწორ მონაკვეთზეც კი სიჩქარის გადაჭარბება შესაძლოა „ბოლო აჩქარება“ იყოს.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
მელაძის თქმით, ბევრ ქვეყანაში ქუჩაში „დრიფტაობისთვის“ მართვის მოწმობას სამუდამოდ ართმევენ. ის მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც უნდა დაინერგოს.
რესპონდენტის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონში სიტყვა „დრიფტია“ გაწერილი, რადგან სხვაგან მსგავსი დარღვევა ასეთი მასიური არ არის.
გამოსავლად, დასჯასთან ერთად, ექსპერტს ცნობიერების ამაღლება მიაჩნია. მისი თქმით, ადამიანებს ბავშვობიდანვე უნდა ესმოდეთ, რომ ავტომობილის არასწორი მართვით სასწორზე საკუთარი და სხვისი სიცოცხლე დევს.















