საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე რადიო „პალიტრასთან“ საუბარში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ზრდას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა და კამერების დამატება პრობლემას ვერ გადაჭრის.
“სატრანსპორტო საშუალების მართვა პლანეტაზე ყველაზე მომეტებული რისკის მქონე საქმიანობაა“, — აცხადებს მევლუდ მელაძე და დასძენს, რომ დღეს საქართველოში საჭესთან ხშირად ისეთი ადამიანები სხედან, რომლებსაც არც ადეკვატური უნარები აქვთ და არც პასუხისმგებლობის გრძნობა. მისი თქმით, არსებული მოდელი, რომელიც მხოლოდ ჯარიმებზეა ორიენტირებული, არასწორია და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები სწავლების სტანდარტებში.
მელაძის თქმით, მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო „ფსიქო-ნარკოს“ შემოწმება სიმბოლურია და ვერ უზრუნველყოფს მძღოლის რეალურ ადეკვატურობას.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინსტრუქტორების გადამზადების სტანდარტი, ხოლო მძღოლები, განსაკუთრებით მძლავრი ავტომობილების მფლობელები, „თვითნასწავლები“ არიან, რომლებმაც არ იციან საკუთარი ქმედებების შედეგების გაცნობიერება.
საგზაო შემთხვევების შესამცირებლად მელაძე სკანდინავიური მოდელის დანერგვას მოითხოვს, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე სწავლება ბავშვთა ბაღებიდან იწყება.
„არც ერთ ომსა და პანდემიას არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რაც საგზაო შემთხვევებმა წაიღო. არ არის აუცილებელი, რომ ყველას ჰქონდეს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების მართვა ადეკვატურ ფარგლებში უნდა შეგვეძლოს“,_ ამბობს მელაძე.
მელაძის დასკვნით, არსებული მიდგომები არასწორია, რადგან ჯარიმების მიუხედავად, დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება, რაც სისტემური რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს.















