მიტროპოლიტი ზენონი თავის წერილში სხვადასხვა ეპოქის თაობების პასუხისმგებლობას ადარებს ერთმანეთს და მიიჩნევს, რომ დღევანდელი საზოგადოების წინაშე სრულიად სხვა ტიპის ეგზისტენციალური გამოწვევა დგას.
„1918 წლის თაობამ სახელმწიფო შექმნა, 1990–1991 წლების თაობამ კი დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა. დღევანდელი საქართველოს პასუხისმგებლობა უკვე ის არის, რომ ამ თავისუფლებას შინაარსი, სამართლიანობა, მდგრადობა და ეროვნული ერთიანობა შეუნარჩუნოს.
თუ 1918 წლის საქართველო ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა, თანამედროვე საქართველოს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს შინაგანი საფუძვლები — სამართალი, სოციალური სოლიდარობა, ბუნებისა და კულტურული სივრცისადმი პასუხისმგებლობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა.
26 მაისი არის დღე, როცა თავისუფლება ისტორიიდან მომავალს გადასცემს იმედის ხმას — გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების, ისტორიული უწყვეტობის, ეროვნული მეხსიერებისა და ერთიანობის დღეს!“ — აღნიშნავს მიტროპოლიტი.
















