21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული გორის კომბინატის დასახლებიდან გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელები, სავარაუდოდ, დაკავებულ მოქალაქეზე ძალადობენ.

„პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა,რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს.
ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება,როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს,როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა“, – წერს ზენონ იარაჯული.

banner
წინა სტატიაში“მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია”- საია-ს თავმჯდომარე გორში პოლიციის ძალადობაზე
შემდეგი სტატიარომის პაპი ლეო XIV – უკრაინაში ომს თვალს შეშფოთებით ვადევნებ