მეუფე სუს-ის ჩანაწერებზე: ყველამ იცის, არ ვმალავ მე არაფერს საერთოდ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის აუდიოფაილებში მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ადამიანი, რომლებთან მის კავშირზეც ფაილებშია საუბარი, მისი ახლო მეგობრები არიან.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ მასთან დაკავშირებით საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით აღიძრება, მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“ჩემზეც რაც გავიგე უკვე, რა მასალაც არის. ოდნავ მაინც თუ მიცნობს ადამიანი, ჩემს გარშემო ვინ არსებობს, რა ადამიანები, უცხოელები მათ შორის, ყველამ იცის, არ ვმალავ მე არაფერს საერთოდ… გავრცელება ეს არის საშინლად ნეგატიური ამბავი, ცუდი რამეა და ხალხზე ცუდად მოქმედებს.

რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილს, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. რაც შეეხება იმ პიროვნებას რუსეთზე ეხლა, თუ იმ ადამიანზეა ლაპარაკი, ის ჩემი ოჯახის წევრია ლამის. ხათუნასთან ვმეგობრობ, კიდე იქ სხვა ადამიანიაც იყო დასახელებული, კიდევ ახლა იმასთან ვმეგობრობ და პირდაპირ ენაზე მოგადგება, რომ ამისგან ინფორმაციას ვიღებ და იმას ვაძლევ, აი რატომ? მე ჩემი სამშობლოს მოღალატე ვარ თუ რა? თუ ეს მართლა სერიოზული რამეა, მაშინ ჯერ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. თუ აღიძრება სამშობლოს ღალატის მუხლით, მე ვითანამშრომლებ. არ ვიცი კიდევ ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ დამისახელებთ სახელებს და გვარებს მე დაგიდასტურებთ. მიხეილ მაჭავარიანი ასევე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ახლო ადამიანია”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფესთან მეგობრობასა და ფაილებში მათი საუბრის ჩანაწერების არსებობას ადასტურებს თავად “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილიც:

“გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი, როდესაც ნებისმიერი ადამიანი მკითხავდა, როგორ ხარ, აუცილებლად მოვუყვებოდი იმ დღეს მომხდარ პოლიტიკურ ამბავს. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. არც იმაშია გასაკვირი, რომ “ქართულ ოცნებაზე” ვლაპარაკობდი, ერთადერთი განსხვავება ჩემს საჯარო გამოსვლებთან არის ის, რომ ალბათ არ ვიყენებდი იმ ეპითეტებს, რასაც სხვასთან გამოვიყენებდი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილისა და ჩემ ლაპარაკს რომ არ მოუსმინოს, არ იციან, რომ ვლანძღავ და ვაგინებ “ქართულ ოცნებას”? აქ ფაქტი არის სხვა რამეში, ახლა რატომ გამოაქვეყნეს და რატომ დასჭირდათ მარაზმის მოწყობა. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ “ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს”, – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNCDC: ვმუშაობთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხანდაზმული ადამიანების წახალისებაზე
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე სუს-ის ფაილებზე: ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია