მეუფე სტეფანემ საერო პირებს, ბერებსა და მონაზვნების ნაწილს დღეს ზიარების უფლება აუკრძალა (ვიდეო)

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს წირვა აბაშის საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდგომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე“ ბერებს, მონაზვნებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა.

მისივე განმარტებით, სასულიერო და საერო პირებს მონანიებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. მიტროპოლიტ სტეფანეს განმარტებით, აღნიშნული ადამიანები მართული არიან ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ ასევე ისაუბრა ეპარქიის რეზიდენციის ეზოში 8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე და ის ეკლესიაზე თავდასხმად შეაფასა.

მისივე აზრით, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების ნაწილი ცრუ პროპაგანდას ეწევა.

„სიცრუეში მოციქულებს აყოლილი ადამიანები ძალიან დიდ პრობლემაში შეიძლება აღმოჩნდნენ. და მე მეცოდება ეს ადამიანი, ამიტომ მინდა, მოვუწოდო, რომ ვინც მონაწილეობდა ეკლესიაზე თავდასხმაში, ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, და ეს ამბოხი ჯერ კიდევ გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით, ყველამ მოინანიოს. ერისკაცებს მივმართავ პირველ რიგში. მოინანიოს ყველამ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს. ვინც არ მოინანიებს, ეკრძალებათ ზიარება. ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში, ასევე დღეიდან ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ. მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელმა ბერმა და მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ეპიტამიას. უზიარებლობის ეპიტამია მოეხსნებათ, თუ ზუსტად მეცოდინება, რომ მოინანიეს. თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას. შეუძლიათ, მთხოვონ შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„დღეს ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაა, როდესაც მოუწოდებს ცრუ პეტრე, სამწუხაროდ, მე ამ სიტყვას უკვე ვიყენებ, რადგან სხვანაირად არ გამომდის. მან უკვე გადალახა ის ზღვარი, რომლის იქითაც არის სიცრუის მსახურება. ჯერ ერთი, მე არ მცნობს, როგორც ჭყონდიდის ეპისკოპოსს, ანუ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ აღიარებს. მეორე, ამბობს, რომ მღვდლებმა, სასულიერო პირებმა, ბერებმა, მონაზვნებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ ჩემს ეპარქიაში, ჩემ მიმართ გამოიჩინონ დაუმორჩილებლობა. როცა კანონიერად დადგენილი მღვდელმთავრის მიმართ დაუმორჩილებლობა ცხადდება, ეს არის განხეთქილების მცდელობა, ისჯება ძალიან მძიმედ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

 

https://youtu.be/xXob7kop6EE

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა
შემდეგი სტატიამამა ანდრია სარია: საპატრიარქო და ზოგიერთი სინოდის წევრი შეგნებულად დაადგა დესტრუქციულ გზას