“ასეთი დაზონდერებული და ტვინგამორეცხილი ადამიანების მეშვეობით ხდება ამის გავრცელება” – ასე გამოეხმაურა, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ “გავრილოვის ღამეს” საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი “კამიტი” გამოიყენა, რომლის გამოყენებაც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოფიციალურად აიკრძალა.
თუ, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ, ამბიონიდან გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, მიტროპოლიტი ჩვეულ ამპლუაშია და ისევ აქტიურად ერევა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, თუ სამართლებრივ საკითხებში.
მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება ვერ დაიმალებოდა, რადგან უამრავი ადამიანი დაიხოცებოდა.
“რა მაგარი ამბავია: ქიმიური იარაღი გამოიყენეს და არავინ არ ვიცით, მთელი წელი ვერ გავიგეთ, რომ იარაღი გამოიყენეს ქიმიური. თქვენ წარმოგიდგენიათ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, რა უბედურება დატრიალდებოდა?! იმდენი ადამიანი დაიხოცებოდა, არ იქნებოდა ეს დამალული, შეუძლებელია ამის დამალვა. რადგან ახლა “საიამ” თქვა, რომ ქიმიური გამოიყენეს, იქ “ბიბისიმ” და ვიღაცებმა გაავრცელეს, ესე იგი ასეა?! ასეთი უაზრო აზრების გამზიარებლების ხვედრი ვიცით. ასეთი დაზონდერებული და ტვინგამორეცხილი ადამიანების მეშვეობით ხდება ამის გავრცელება. თან, როგორ არის იცით?! მთელი ეს საინფორმაციო ყუთები ამათ სასარგებლოდ მუშაობს, ყვირის, ყვირის, ყვირის და ზოგ ადამიანს მართლა სჯერა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. აბა რა, “ბიბისიმ” თქვა და როგორ არ გამოიყენეს”, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა.
მზეკო ჟვანია
















