მეუფე პეტრე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ნამდვილად გამოცდა და განსაცდელია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 21, 2018 00:43

მეუფე პეტრე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ნამდვილად გამოცდა და განსაცდელია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ჩვენთვის და მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად გამოცდა და განსაცდელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი ღვთის ნების აღსრულებაა, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.

„უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის ღვთის ნება და გამოჩნდება, არის თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ნება ღვთისა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ განცხადებით მეუფე პეტრემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ქართული ეკლესიისთვის უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა გამოცდა, რომელმაც შესაძლოა, საპატრიარქოს რუბიკონი გადაალახინოს და ერთგვარი სიცხადე შეიტანოს პროცესებში, რომელსაც საზოგადოება ძალიან შორიდან აკვირდება და ვერ ხედავს.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რუსეთის საპატრიარქო ამ საკითხის უსამართლობაზე საუბრობს და ისინი ეკლესიის, მათ შორის, რუსეთის ეკლესიის ისტორიას კიევის რუსეთთან თუ კიევის მიტროპოლიასთან მიმართებაში წარმოგვიჩენენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არც მათ უნდა დაავიწყდეთ მე-19 საუკუნის ავადსახსენებელი დასაწყისი, 1811 წელი, როდესაც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საქართველოს ავტოკეფალია და საპატრიარქო ინსტიტუტი უკანონოდ გაუქმდა.

„შემდგომში, მათ ასევე უკანონოდ მიითვისეს დიფტიქში მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მეხუთე, ქართული, ანუ საქართველოს ეკლესიის ადგილი და დღემდე უკანონოდ უჭირავთ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმსახურებს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას და შესაძლებელია თუ არა, ამან საქართველოს ეკლესიის სინოდი გახლიჩოს, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ თუ უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს, სრული დამოუკიდებლობა ეკლესიური დამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს ეკლესიის სინოდში კი ასეთი დაპირისპირება არ არის.

„ჩვენ ვიმსჯელებთ და ღვთის შეწევნით, დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ჩვენი სწორი ამბიცია უნდა გვქონდეს, რათა მიზანს მივაღწიოთ და ღვთის ნება აღსრულდეს. რწმენა შეუძლებელი კაცთათვის, ღვთისთვის შესაძლებელია. თუ ეს მოვლენა ღვთისგან არის, მას წინ არაფერი დაუდგება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 21, 2018 00:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics