მეუფე პეტრე: მეუფე სტეფანე, რუსეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელია – ექსკლუზიური ინტერვიუ

ჭყონდიდის ეპარქია ხმაურისა და დაპირისპირების ეპიცენტრად მას შემდეგ იქცა, რაც სინოდის 11 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა.
რას პასუხობს აღნიშნულ ბრალდებას, როგორ აფასებს ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს და როგორია სამომავლო გეგმა – ამ საკითხებთან დაკავშირებით მეუფე პეტრემ „თაიმერს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

პირველ რიგში, საუბარი დავიწყოთ იმ ბრალდებით, რომელიც თქვენი მისამართით გაჟღერდა. მეუფე სტეფანემ უკანონო შვილის ყოლაში დაგადანაშაულათ, რას უპასუხებთ მის ამ ბრალდებას?
-ეს ცილისწამებაა. ცილისმწამებელი არის დემონი, მეუფე სტეფანე კი შეპყრობილია დემონური სულით. ეს მოტივირებულია იმით, რომ გადაიფაროს ჩემი მხრიდან პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომლის დასამტკიცებლად საეკლესიო კრებისა და სასამართლოს მოწვევას ვითხოვ უკვე წელიწად- ნახევარია. მე ამ ბრალდებების წაყენებისთანავე მზად ვიყავი მეორე დღესვე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და დღესაც მზად ვარ. ეს უკანონობა და უზნეობა, რომ გადაფარონ, ამიტომ მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ჩემ წინააღმდეგ ამბოხი წამოაწყებინეს, რათა რეგიონულ და ეპარქიულ დაპირისპირებამ გადაფაროს პატრიარქის მმართველობასთან არსებული კითხვები. მეუფე სტეფანეს ამ ცილისწამებაში აშკარად საპატრიარქო უმაგრებს მხარს. შესაძლოა, მათ მოძებნონ ვინმე უპატრონო ბავშვი და თქვან, რომ ჩემი შვილია. ამიტომაც ვთქვი, რომ მე მზად ვარ გავიკეთო დნმ, რათა მათ ეს სცენარი არ გამოუვიდეთ. მე ვიცი, რომ ბავშვი ჩნდება ცოლ-ქმრული ურთიერთობით. რაც ეკლესიაში მოვედი და ბერული აღთქმა დავდე, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ ამ კუთხით სუფთა ვარ და ჩემ ბერულ აღთქმას ვიცავ. შესაბამისად, შეუძლებელია, ბუნებაში რამე მსგავსი არსებობდეს.
მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაანთავისუფლა. ასევე, “ეკლესიაში განხეთქილების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აუკრძალა.
ის, რაც ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში, სწორედ ამ თემის გადაფარვას ისახავს მიზნად?
-სიმართლე გადამდებია, ისევე როგორც სიკეთე და ბოროტება. ამიტომ, მათ არ უნდათ მართალი სიტყვის და ხმის ამაღლების პრეცედენტი დაუშვან ამა თუ იმ ეპარქიაში არსებული პრობლემების, ეკლესიის ინტრიგებით მართვის, ეპისკოპოსების თავაშვებულობისა და ფეოდალური მართველობის მიმართ. ამიტომ ყველას ვინც მართალი სიტყვით გამოირჩევა, ვინც პრინციპულია, ითხოვს კანონიერებას და არ არის ბრმა მორჩილებაში, არ არის მზად იყოს ადამიანის მონა, არის მხოლოდ ქრისტე-ღმერთის და საქართველოს მონა, ასეთ ადამიანებს ებრძვიან. ასეთი ადამიანების დასჯის უპრეცედენტო შემთხვევას უშვებენ, მაგრამ ეს მათვის აუცილებლად კრახით დამთავრდება. ზამბარის პრინციპით დაუბრუნდებათ ეს უკანონობა და უზნეობა მათ უკან.
„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ სცადა დედა სოსანასთვის მობილური წაერთმია. რის შესახებ რეზე მეტყველებს სასულიერო პირის ასეთი საქციელი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავს ქმედებებს საბოლოო ჯამში?
-საბოლოო ჯამში, მეუფე სტეფანეს მოუწევს ძალიან მძიმედ აგოს პასუხი ღვთისა და ერის წინაშე. თუ ღმერთს საერთოდ არ ჰყავს დავიწყებული ის, აქვე, დედამიწაზე აგებს პასუხს, თუ არა და ვერსად ვერავინ გავექცევით ღვთის სამსჯავროს. მისი საქციელიდან გამომდინარე ფაქტია, რომ მეუფე სტეფანეს ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, ზრდილობაზე კი ზედმეტია საუბარი. ყველამ დავინახეთ, რომ ის როგორც ადამიანი, უზრდელი პიროვნებაა.
რამდენიმე დღის წინ მეუფე სტეფანემ რუსეთ-საქართველოსთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ასევე არჩევნების თემასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „არჩევნები ვერ ჩაგვიტარებია ისე, რომ ვინმემ ვერდიქტი არ გამოგვიტანოს, სწორია თუ არ არის სწორი“, – რას უნდა ნიშნავდეს მისი ეს განცხადება?
-მაშინ, როდესაც ქართველი ერი და არა მარტო ის, იმედის თვალით უყურებს ევროკავშირის ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებებს, მსგავსი რიტორიკა, რა თქმა უნდა, არის „კრემლისტური“. მეუფე სტეფანე, რომელიც „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებულ „გრუ“-ს აგენტების სიაშია მოხსენიებული, თავისი საქმითაც ამტკიცებს, რომ რუსეთის გავლენის აგენტია. რაც მას ვიცნობ, სულ გამოირჩევა ანტიდასავლური შეგნებით. ძალიან სამარცხვინოა, რომ ასეთია ადამიანი წლებია ხელმძღვანელობს საპატრიარქოში წმინდა სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრს. ეს კი მოტივირებული იყო იმით, რომ მას ახალგაზრდებში ეწარმოებია პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა. მეუფე სტეფანე, რუსეთის „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენელია, ის რუსული და პოსტსაბჭოთა პოლიტიკის პროპაგანდისტია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მან 29 მარტს ქადებაში ირიბად გააკრიტიკა საქართველოს წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი. ეს იყო ფაქტობრივად კრიტიკა, ამბროსი აღმსარებლის თავდადებისა და თავგანწირვის მიმართ, რომელიც არის ნამდვილად სამაგალითო ჩვენი ერისა და იერარქიისათვის. ვინაიდან პატრიარქი თავისი საქმით ათწლეულებია, რაც ამბროსი ხელაიას ცხოვრების და მმართველობის საპირისპიროს აკეთებს, ამიტომ მათ მოინდომეს ამბროსი აღმსარებლის თავგანწირვის დაკნინება მისი ხსენების დღეს, რათა გამართლდეს ლოიალური, ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ამბროსი აღმსარებლის მიმართ.
თქვენ ახსენეთ პატრიარქი, რომელმაც გუშინ განაცხადა – „დრო იწურება, მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის“, – როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?
-მეორედ მოსვლა მოახლოებულია მას შემდეგ, რაც მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვემზადებოდეთ ღმერთთან შესახვედრად. ეს არის ქრისტიანის მიზანი, მაგრამ პატრიარქი მეორედ მოსვლის თემატიკას, ჩემი აზრით, პოლიტიკური ცბიერებით იყენებს ქართველი ერის შანტაჟისთვის. თუ მეორედ მოსვლის მოახლოებას ის მართლა განიცდის, პირველ რიგში, ერის წინაშე უნდა მოინანიოს, მოემზადოს ღმერთთან შესახვედრად, გაათავისუფლოს მის პირად პატიმრობაში მყოფი უდანაშაულო დეკანოზი, შეელიოს საკუთარ პატივსა და დიდებას, ასევე შეელიოს ვერცხლისმოყვარეობას და გათავისუფლდეს ზედმეტი ტვირთისაგან, რომელიც მას მეორედ მოსვლის დროს არ გაამართლებს. თუმცა პატრიარქის საქმეებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. პატრიარქი მხოლოდ ქართველ ერს აშანტაჟებს მეორედ მოსვლის თემით. სინამდვილეში კი მას ძალიან არასწორი მახინჯი წარმოდგენა აქვს მეორე მოსვლის სწავლების შესახებ.
„თაიმერის“ ინფორმაციით, შაბათს მორიგი პროვოკაცია იგეგმება ჭყონდიდის ეპარქიაში. რას მოუწოდებთ მრევლს, რომლებსაც აშფოთებთ მეუფე სტეფანეს ქმედებები და თქვენ პოზიციას იცავენ?
-მრევლს მოვუწოდებ ქრისტიანობისაკენ, ქრისტიანობა არის თავმდაბლობა, სიყვარული და მოთმინება. საქართველოში ცრუ ქრისტიანობის ეპოქა უნდა დასრულდეს და ჭეშმარიტი ქრისტიანობით შეიმოსოს ქართველი ერი.
როგორც ამბობთ, თქვენი მისამართით მიზანმიმართული ცილისწამება ხორციელდება. უახლოესი პერიოდის განმავლობაში რა არის თქვენი კონკრეტული გეგმა?
-ცილისწამება დიდი ბოროტებაა. ზოგადად, ბოროტებას ებრძვიან სიკეთით, უსამართლობას – სამართლიანობით, სიცრუეს – სიმართლით. შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მოციქულებრივი სამართლიანობა, პირდაპირობა და სიმტკიცე. ვსასოებ ქრისტე ღმერთს, მართალთა მფარველს და შემწყნარებელს. დიდ ნუგეშს მანიჭებს ქართული ბრძნული ანდაზა: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი ოპოზიციისა და “ოცნებისთვის” ახალ დოკუმენტს ამზადებენ
შემდეგი სტატიაპუბლიკა- რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – პუნქტები