მეუფე ნიკოლოზი – მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, მოვუწოდე და თქვენც მოგიწოდებთ ყველას, შეწყვიტოთ სიძულვილის ენით ლაპარაკი

ჩვენ მოვუწოდებთ ყოველთვის ყველას შერიგებისაკენ და დღეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ეკლესიაში გვაქვს საყოველთაო შენდობის დღე, დიდი მარხვის დაწყების წინ ქრისტიანები მოვდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. თუ ამას გააკეთებს ჩვენი ხალხი დღეს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი, სწრაფი განვითარების გზას დაადგება. მე თვითონ აქციაზე არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში, შესაბამისად არასდროს მომიწოდებია და არც ახლა არავის მოვუწოდებ. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო, საყოველთაო შენდობაზე. მე სხვა გზას ვერ ვხედავ. ვიცი, რომ ეს შესაძლებელია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი დღეს არსებული სიტუაციიდან. მოვუწოდებ ყველას, შევწყვიტოთ სიძულვილის ენით ლაპარაკი. შევწყვიტოთ ადამიანების დიფერენციაცია მათი მოსაზრებების მიხედვით. ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი აქვს, მათ შორის მეც ხშირად მაქვს განსხვავებული აზრი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიძულვილის ენით უნდა მელაპარაკოს ვიღაცა. ტელევიზიებიდან ძალიან ხშირად ისმის სიძულვილის ენა. თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი და შეწყვიტეთ, ნახეთ როგორი შედეგი იქნება. მე არ ვარ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის. მე ვარ ჩემი სამშობლოს და ჩემი ეკლესიის მხარდამჭერი. ხელს ვაწერ პეტიციას, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, მოვუწოდე და თქვენც მოგიწოდებთ ყველას, რომ შეწყვიტოთ სიძულვილის ენით ლაპარაკი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო
შემდეგი სტატია“ოცნება” ისევ ცოცხებით ხელში