მეუფე ნიკოლოზი მედიას ძალადობაში ადანაშაულებს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებს სთავაზობს, რომ ეკლესიამ ძალადობასა და მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს, მედიამ კი თავისი. მან მედია ძალადობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია.

მეუფე ნიკოლოზის აზრით, განსამარტია, რა იგულისხმება ძალადობაში. მან ჟურნალისტებს ჰკითხა, აქვთ თუ არა უფლება მოუწოდონ ადამიანებს ძალადობისკენ და თქვა, რომ ამის უფლება არავის აქვს.

“მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ყველამ არსებული დიდი ბოროტების რაც მოხდა, ბოროტებაა ნამდვილად, არა მარტო იმ დიდ ძალადობას რომელიც ჩვენ ქვეყანაზე ხორციელდება, ეს ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ, რომ გამოიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ შენ გააკეთო. ეს არ არის თავისუფლება. ეს არ არის გამოხატულება აზრის, როდესაც ადამიანების
უმრავლესობას არ უნდა და შენ დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას ამბობ და აკეთებ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის, ამის იძულება, ეს არის ძალადობა. […]

თქვენ იღებთ თუ არა იმ პასუხისმგელობას, რა ძალადობაც განახორციელეთ ჟურნალისტებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ადამიანებზე და პირადად ჩემზე მაგალითად, ბევრი შემთხვევა იყო ჟურნალისტების ძალადობის”, – თქვა მან.

მეუფე ნიკოლოზმა TV პირველისა და “ფორმულას” ჟურნალისტები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში “გადახტომაში” და ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა.

“ჩვენ ავიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, თქვენ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა, დავსხდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ და დავადგინოთ, ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი თუ უნდა იყოს აღვირახსნილი ამ ქვეყანაში. ჟურნალისტის აღვირახსნილობა არის მიუღებელი”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო – ყველა მოწოდებული ვართ, რომ სამოციქულო ღვაწლი გავწიოთ, ყველაზე მცირე, საკუთარ ოჯახში უნდა იყოს ადამიანი მოციქული
შემდეგი სტატია“ლექსოს სული სანთელივით ანთებული იყოს მომავალი თაობებისთვის, რომ ერთობის მუხტი არ ჩაქრეს”