ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ის ერთი მღვდელმთავარი, ვინც ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შიო III-ს ინტრონიზაცია მოხდება და საბოლოოდ დაკანონდება ყველაფერი, მერე შესაძლებელი იქნება ყველაფერზე ლაპარაკი:
“იცით რაშია საქმე? – ნება დამიტოვეთ, რომ ვისარგებლო ამ ფარული კენჭისყრის.
მე ვფიქრობ, რომ თუ ჩაივლის მშვიდობიანად ეს ყველაფერი, აი ხვალ ვაკურთხოთ მეუფე შიოს, მოხდეს მისი ინტრონიზაცია და საბოლოოდ დაკანონდეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ გახსნილად შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი. არ არის ჯერ დამთავრებული პროცესი.
ყველაფერზე ვისაუბრებ, რა მაქვს დასამალი…
იცით რა ეგეც დადასტურებაა, თქვენ ახლა გინდათ, რომ მე ამ ფარული კენჭისყრის შიგნით ჩაგახედოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი,” – განაცხადა ტვ პირველის ცნობით, მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.















