6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

მეუფე ისაია და მოსაყდრე შიო – სად გადის ზღვარი ღირსეულ წესრიგსა და გადამეტებულ ნარცისიზმს შორის?!

ქართული საზოგადოების მთელი ყურადღება საქართველოს საპატრიარქოსკენაა მიმართული. წმინდა სინოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, თუმცა, გარკვეული გარემოებები, სიტუაციის სწორად შეფასებას ამარტივებს.

სწორედ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “თაიმერის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც პარალელს ავლებს მეუფე ისაიას თავმდაბლობასა და პატრიარქის მოსაყდრე, შიო მუჯირის ბოლო დროინდელ ამპარტავნულ გამოვლინებებს შორის.

“ცხენზე ამხედრებული კეთილი მწყემსი”, თუ “დონ კარლეონეს” მსგავსად, სპეციალური ესკორტით მოსიარულე მოსაყდრე?!

ტაძარი – სიმშვიდის, ლოცვის და სულიერი თავშესაფრის სავანე, თუ მართლმადიდებლური მოვალეობის მოხდისთვის განკუთვნილი ერთგვარი დეკორაცია?!

უმაღლესი იერარქია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: ერმაც და ბერმაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შესძლებს ქართველი ხალხის სულიერ ლიდერობას და ვინ გახდება შემდეგი პატრიარქი?!

“მეუფე ისაია ხშირად მოიხსენიება როგორც „ცხენზე ამხედრებული კეთილი მწყემსი“. ეს მეტსახელი შემთხვევითი არ არის და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

პირველ რიგში, თავად სახე, სასულიერო პირი ცხენზე ქრისტიანული ტრადიციის ნაწილია.

მწყემსი, რომელიც თავის სამწყსოსთან ახლოსაა, გზაზეა, მოძრაობაშია და არ ელოდება როდის მივლენ მასთან, პირიქით თავად მიდის ხალხთან.

სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება „კეთილი მწყემსის“ სახე, რომელიც მოდის იესო ქრისტეს სწავლებიდან მწყემსი, ზრუნავს თითოეულ ცხვარზე არ ტოვებს არცერთს და საჭიროების დროს ეძებს კიდეც დაკარგულს.

მეუფე ისაიას შემთხვევაში ეს მეტსახელი გაჩნდა მისი ცხოვრების წესიდან და დამოკიდებულებიდან ხალხის მიმართ. იგი ხშირად ჩნდება არა მხოლოდ ტაძარში, არამედ სოფლებში, გზებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბრალო ხალხთან მათ პრობლემებთან ახლოს.

ცხენით გადაადგილება სიმბოლურია. ბუნებასთან სიახლოვე, სიმარტივე, ძველი ქართული ტრადიციების პატივისცემა. ამიტომაც ხალხმა თავად დაარქვა ეს სახელი სიყვარულით და პატივისცემით.

ამ ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია კონტრასტიც.

მეუფე შიომ დღეს საზოგადოებაში სწორედ საპირისპირო მაგალითი აჩვენა, როდესაც მისი გადაადგილება ორი ჯიპის თანხლებით მოხდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლამის მანქანით ტაძარში შევიდა.

რამდენად თანხვედრაშია სულიერი ლიდერის ცხოვრება იმ იდეალთან, რომელსაც თავად ქადაგებს?!

ფუფუნება და უბრალოება იშვიათად მეგობრობენ მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე რელიგიას და სულიერ გზას ეხება.

პატრიარქი ილია II მაშინ, როცა ჯანმრთელად იყო ტაძარში ტაძრის ეზოდან, მშვიდად და მოკრძალებით შედიოდა.

ეს იყო უბრალო, მაგრამ ძალიან სიმბოლური ქცევა სულიერი ლიდერის, რომელიც არ საჭიროებდა არც ხმაურს არც დემონსტრირებას, რადგან მისი ძალა სწორედ სიჩუმესა და სიმდაბლეში ჩანდა.

დღეს კი სურათი სხვაგვარია. მეუფე შიო ისეთი გარემოცვით გამოჩნდა, რომ ეს უფრო ჰგავდა სცენას, ვიდრე სულიერ მოვლენას „დონ კარლეონეს“ ასოციაციაც კი ბუნებრივად ჩნდება.

ორი ჯიპი, დაცვა, ორგანიზებული გადაადგილება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჰოლივუდის კინოხელოვნების ზეიმს ვუყურებთ და არა საეკლესიო მსახურებას.

ამ დროს კი მთავარი ფიგურა მრევლი თითქოს უკანა პლანზე გადადის. ის ხალხი, ვისთვისაც ტაძარი არის სიმშვიდის, ლოცვის და სულიერი თავშესაფრის ადგილი, დგება დეკორაციის როლში.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვაც: სად გადის ზღვარი ღირსეულ წესრიგსა და გადამეტებულ ნარცისიზმს შორის?!” – წერს ბერდია კალანდია.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ