მეუფე იოანე ანტისემიტიზმზე კობახიძესა და მინდიაშვილს წერილით პასუხობს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე მის ანტისემიტურ ქადაგებასთან დაკავშირებით ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილის კრიტიკას პასუხობს.

მეუფე იოანეს წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ ?! მორიგი თავდასხმა ეკლესიაზე. პასუხი ვ. კობახიძეს, ბ. მინდიაშვილს და ე. წ. სხვა „თეოლოგებს“

დღიდან ჩემი დანიშვნისა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, რამდენიმე სატელევიზიო არხმა ან ცალკეულმა პიროვნებებმა მრავალგზის სცადეს ჩემი დისკრედიტაცია. უცნაურია ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები ერევიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და წმინდა სინოდის კომპეტენციის საკითხებში. თავიდან ცილს მწამებდნენ პრორუსულ პოლიტიკურ ორიენტაციაში. ერთხელ კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა: ახალბედა ჟურნალისტმა მიღებული ინსტრუქციის თანახმად, მკითხა, კაბინეტში რატომ მაქვს რუსეთის სახელმწიფო დროშა. პასუხად მრევლის გულიანი სიცილი რომ მიიღო, თავი უხერხულად იგრძნო. რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის ქართველი ერის მიმართ არაკორექტული რეპლიკის გამო ჩემი კრიტიკული საპასუხო წერილის ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო არხზე გამოქვეყნების შემდეგ ჩემზე შემოტევის მიმართულებები ოდნავ შეიცვალა. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის გავრცელების გამო გაჩენილი პანიკური შიშისგან განთავისუფლების მიზნით მრევლის მიმართ ჩემი გამამხნევებელი სიტყვა ერთ-ერთმა „კრიტიკოსმა“ ისე შეაფასა, რომ კაცისმკვლელი მიწოდა. პანდემიამ მაშინ იოლად გადაიარა. „ეკლესიის კლასტერი“ არ გაჩენილა და თემამ დაკარგა აქტუალობა. ამის შემდეგ დაიწყო სერია კითხვებისა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემს კომპეტენციას სცილდება. ჩემმა შესაბამისმა პასუხებმა ვერ დააკმაყოფილა მათი ინტერესები.

ამჟამად ახალ შემოტევას აქვს ადგილი, რასაც შეიძლება პოლიტიკური ტერმინი – “ორკესტრირებული თავდასხმა” ვუწოდო. ჯერ ფლეიტის ხმა გაისმა, მას ბანი კონტრაბასმა მისცა, ბოლოს როიალის მრავალფეროვნება ჩაერთო და ლაიტმოტივი გადაამღერეს პატარა „სკრიპკებმა“; დირიჟორი რატომღაც არ ჩანს. თავდასხმას “ნიურნბერგის პროცესის” ტოლფასი შეფასება მიეცა. ამჯერად ანტისემიტიზმიც დამაბრალეს და მსოფლიო მასშტაბამდე გააბუქეს. საბაბი გახდა ჩემი სიტყვა წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენებასთან დაკავშრებით. მისი პიროვნების, როგორც სახელმწიფო მოხელის და შემდეგ ეპისკოპოსის, შეფასების მიზნით გავიხსენე რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, თუ როგორ განმუხტავდა იგი კონფლიქტურ სიტუაციებს. მან კარგად იცოდა, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ჰქონდა თავისი სიმართლე და თავისი დანაშაული. თუ ორივე მხარე აღიარებდა თავის წილ დანაშაულს, მათი შერიგება გაადვილდებოდა. კონფლიქტი მოხდა იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის. ეს არ იყო ეთნიკური ხასიათის კონფლიქტი, მას რელიგიური ელფერი ჰქონდა, მაგრამ თავიდათავი ვერრეალიზებულ ამბიციაზე გამრავლებული ისტორიული მეხსიერების მენტალობა იყო. პირველი კონფლიქტი ადამიდან დაიწყო. შემდეგ კაენმა ვითომ შელახული ამბიციის გამო ძმა მოკლა და ბოროტების ესკალაცია დღემდე გრძელდება. შეიძლება პარალელი გავავლოთ თეთრკანიანების მიმართ ზოგიერთი აფროამერიკელის აგრესიასთან, როგორც ოდესღაც დაშვებული უსამართლობის განცდის რეანიმაციასთან. ერთი მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება მეორის პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ წმ. ამბროსიმ აღიარა ქრისტიანთა აგრესიული ქმედების შედეგი, მაგრამ იუდაური თემის წარმომადგენლებს გაახსენა, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, როდესაც ქრისტიანები დევნას განიცდიდნენ, მათი მხრიდან იყო ნეგატიური ქმედებები ქრისტიანების მიმართ და ამით განმუხტა დაძაბულობა.

ბატონი ვასილ კობახიძე სამხილებელ სიტყვაში აღიარებს ამ ფაქტის არსებობას, მაგრამ მიაჩნია, რომ მე არასწორი ინტერპრეტაცია გავაკეთე. სწორი ინტერპრეტაცია მას არ წარმოუდგენია, სამაგიეროდ, ფაშისტი მიწოდა. იმავე ხერხს მიმართა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, მიიჩნია, რომ ზოგიერთი ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტი არ არის სწორი, თუმცა რა იყო არასწორი, არ დაასახელა, სამაგიეროდ, განაზოგადა ქრისტიანების მხრიდან ებრაელთა დევნა. სად? არ მიუთითა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ეს არ მომხდარა. ეს ავტორები კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს გაურბიან, რაც დამახასიათებელია დემაგოგიური პროპაგანდისთვის.

ტერმინ „ანტისემიტიზმის“ ხმარება არასწორად მიმაჩნია, რადგან სემიტები, როგორც ნოეს შვილის სემის შთამომავლობა, მრავალ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და ეს წოდება მარტო ებრაელებს არ ეკუთვნის, არც ტერმინი „სიონისტები“ მოიცავს ყველა ებრაელს. ეს კერძო პოლიტიკური მიმდინარეობაა.

როდესაც ვ. კობახიძე სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, მე რექტორი ვიყავი და ვასწავლიდი ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილს. მაშინ იგი კრიტიკულ შენიშვნებს არ მაძლევდა. ახლა კი ის მახსენებს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოციქულები ებრაელები იყვნენ. მე დავუმატებ, რომ უდიდესი მოძღვარი და წინამძღოლი ღვთის ერისა დღესაც მოსე წინასწარმეტყველია. ღმერთმა მას გამოუცხადა და მისგან გავიგეთ სამყაროს შექმნის საიდუმლო, ადამიანის წარმომავლობა და მისია. ებრაელი ერის მამამთავრების ხსენება მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის შობის დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე კვირა დღეს ხდება. აბრაამს, ისააკს და იაკობს ეკლესიაში სხვა დროსაც ვიხსენებთ და ვითხოვთ, რომ ღმერთმა მორწმუნეს განუსვენოს „წიაღსა შინა აბრაამისა და ისააკისა და იაკობისა“. ჩვენ ისიც ვიცით, რომ იაკობმა გარდაცვალების წინ აკურთხა თავისი შვილები და მათ შორის იუდას აუწყა, რომ მისგან იქნებოდნენ მეფეები და როცა შეწყდებოდა მეფეთა რიგი, მის მოდგმაში მოვიდოდა მხსნელი, ხოლო დანის ტომში დაიბადებოდა ანტიქრისტე.

ჩემთვის სულიერი ცხოვრების გზაზე დიდი მასწავლებელია წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნი და მისი შვილის მეფე სოლომონის ეკლესიასტე (კოჰელეთ); წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთისგან მიიღო უწყება ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამზე. ვიზიარებ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს მესია-ქრისტეზე: „მან ცოდვანი ჩვენნი იტვირთა და უსჯულოებანი ჩვენნი თავს-იდვა“ (ეს.53,4), ხოლო დავითი ამბობს: „განხვრიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი… განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფს.21,17-19). ასევე ძვირფასია ესაიას სიტყვა ღვთისმშობელზე: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ (ჩვენ თანა ღმერთი) (ეს.7,14). ხოლო მეფე დავითი ამბობს: „დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკული და შემოსილი… მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა“ (ფს.44,10; 15). ჩვენ წმინდა წერილიდან ისიც ვიცით, როგორ დრტვინავდა ხალხი უდაბნოში მოსე წინასწარმეტყველზე; რის გამო ჰქონდა ბრძოლა ისრაელის თერთმეტ ტომს ბენიამინის ტომთან… ყველა ერის ისტორიაში არის დადებითი და უარყოფითი მოვლენები: დადებითი – გასამხნევებლად, უარყოფითი – გამოსაფხიზლებლად. განა საქართველოს ისტორიაშიც არ იყო ასე?! ვიღაც აშენებდა ტაძრებს, ვიღაც კი ანგრევდა. წმ. ილია მართალმა თუ ამხილა ქართველთა მანკიერებები: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ – ილიას სძულდა ქართველები? თუ გული შესტკიოდა? განა პავლე მოციქული არ ამბობს: მზად ვარ დავიღუპო, თუ ჩემი ერი გადარჩება.

ბ. მინდიაშვილი როდესაც სემინარია-აკადემიაში სწავლობდა, მე ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი ვიყავი; მაშინ ხშირად მხედავდა და ისმენდა ჩემს სიტყვას, მაგრამ არ გავუკრიტიკებივარ, ახლა როდესაც შორს არის, რას ხედავს? შორიდან უფრო კარგად ჩანს? ჩემს „ფაქტობრივ უზუსტობაზე“ არაფერს ამბობს და ზოგადად ქრისტიანობის უარყოფით შეფასებაზე გადადის, თუმცა კარგად იცის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ღვთისმსახურება ფსალმუნის სიტყვებით არის გაჯერებული, საცისკრო კანონის ძლისპირებში ხდება გახსენება ებრაელი ერის საღმრთო ისტორიისა – ეგვიპტიდან გამოსვლიდან ბაბილონში სამი ყრმის სასწაულამდე. სადღესასწაულო მწუხრის მსახურებაზე ყოველთვის იკითხება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიტყვები. ასეთი ღრმა კავშირი აქვს ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრაელი ერის საღმრთო ისტორიასთან და როგორ აბრალებს ბ. მინდიაშვილი სიძულვილს? როგორც ჩანს, მას თვითონ აქვს ეკლესიის მიმართ სიძულვილი.„თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი, განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა“ (ფს.13,1; 52,2). სიძულვილით დაბინდული გონება ვერ განასხვავებს ეთნიკურ კუთვნილებას ცალკეული ადამიანის მენტალობისგან.

რისი დანახვაც უნდოდათ ჩემს ქადაგებაში, ვერ ნახეს და ეს სიცარიელე დემაგოგიური ფრაზეოლოგიით აავსეს, რაშიც მათი მიზანდასახულობა ჩანს.

უფალს უგონ პასუხი სიძულვილსა და ცილისწამებაზე”. – წერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი.

მეუფე იოანეს ბასილ კობახიძემ უპასუხა. როგორც კობახიძე წერს, იმის ნაცვლად, რომ მეუფე იოანეს ანტისემიტური ქადაგების გამო ბოდიში მოეხადა, ახალი ანტისემიტური წერილი გამოაქვეყნა.

“მოწყალება მოიღო ანტისემიტმა ქუთათელმა მეუფე იოანე გამრეკელმა და წერილობით გვიპასუხა მე და ბექა მინდიაშვილს. ჯერ ვიტყვი, რომ მე კი ვთქვი უარი მღვდლობაზე, მაგრამ სინოდს არ დაუდასტურებია, არ განუკვეთივარ, ამიტომ საეკლესიო სამართლის მიხედვით საპატრიარქოსათვის მე სასულიერო პირი ვარ, მღვდელმოქმედებააკრძალული დეკანოზი ბასილ კობახიძე. მეუფე იოანე კი ერისკაცად მომიხსენიებს. ამიტომ მეც ერისკაცად მოვიხსენიებ მას, როგორც ქუთაისის ეპარქიის დირექტორს – გურამ გამრეკელს.

დირექტორი გ. გამრეკელი ზედაც არ მომაფურთხებდა, მაგრამ როგორც თვითონ წერს, საერთაშორისო სკანდალი ატყდა ჩემს ანტისემიტიზმზეო. ამიტომაც გამოაცხო ეს წერილი და ამიტომაც გამოახტუნეს გუშინ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, გ. გამრეკელის ანტისემიტიზმის ქომაგად. იმის მაგივრად, რომ დირექტორ გ. გამრეკელს ეთქვა: ბოდიში, არ ვარ ანტისემიტი, მაპატიეთ თუ ასე გაიგეთ ჩემი ქადაგებაო და ის წაეშალა თავისი გვერდიდან, დღემდე უტიფრად დაპოსტილი აქვს თავის ოფიციალურ გვერდზე. უფრო მეტიც, გ. გამრეკელი დღეს ახალ ანტისემიტურ წერილს აქვეყნებს, რითაც კიდევ უფრო აღვივებს ანტისემიტიზმს თავის პადხალიმ მღვდლებში და მრევლში. ანტისემიტიზმის გარდა, იგი ამართლებს თავის ქმედებებს პანდემიის დროს, როცა აღდგომას დემონსტრაციულად მოაწყო მრევლის ზედახორა ტაძარში.

თავის წერილში გ. გამრეკელი შუასაუკუნეების საეკლესიო ანტისემიტიზმს დადებითად წარმოაჩენს და კონფლიქტს ებრაელების „ვერრეალიზებულ ამბიციას“ აბრალებს. ებრაელები ისე ემტერებიან ქრისტიანებს, როგორც დღეს ზოგიერთი აფროამერიკელი თეთრკანიანებს, ოდესღაც კოლონიზატორების მიერ დაშვებული უსამართლობის განცდის გამოო – გვიცხადებს გ. გამრეკელი და იქვე ჩივის, ბ. კობახიძემ ფაშისტი მიწოდაო. ფაშისტზე უარესი ყოფილა ბატონი გურამი. ბ. კობახიძე შემახსენებს, რომ ღვთისმშობელი და მოციქულები ებრაელები იყვნენო – აგრძელებს გ. გამრეკელი, მე კი მასაც და მკითხველსაც შევახსენებ, რომ ანტიქრისტეც ებრაელი იქნებაო. ბოლოს გ. გამრეკელი თავის ღმერთისგან მოითხოვს ჩემი და ბექა მინდიაშვილის დასჯას. ამდენ ყბედობას სჯობდა ქუთაისის ეპარქიის დირექტორ გ. გამრეკელს გელათის ტაძრის კატასტროფული მდგომარეობისათვის მიეხედა, სადაც წყალი ჩადის და ფრესკები ნადგურდება.” – წერს ბასილ კობახიძე.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი “ქრისტიანთა მდევნელად” წარმოადგინა, რომელთაც “დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე”. ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი “ურწმუნო მოდგმადაც” მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ “თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან.”

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, “ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა “ურწმუნო მოდგმად” შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონლური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი.”

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა. TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა და “ებრაელების და სხვა ერების სიყვარული მან [მეუფე იოანემ] გამიძლიერა”.

“ლაშა ჟვანია მაგალითია, პირმოთნეობას როგორ მიჰყავს ადამიანი მკრეხელობის მორევში”. – დაწერა ბასილ კობახიძემ ჟვანიას საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიმეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა
შემდეგი სტატიასოფელ ხურჩას მკვირდი: კაცო, არ ველოდი ისე დაგვადგნენ თავს… საკუთარ თავს ვუთხარი, გიორგი ჩახაია ხომ გაქვს მშვოდობა-თქო. მშვიდობასთან ერთად, ბედნიერი ახალი წელი გვითენდება