მეუფე იაკობის ხმაურიანი დაბრუნება ამბიონზე – მიტროპოლიტმა პირველი ქადაგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2019 12:33

მეუფე იაკობის ხმაურიანი დაბრუნება ამბიონზე – მიტროპოლიტმა პირველი ქადაგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო

ბოდბელ მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში წირვა აღავლინა. მეუფემ ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა.

მეუფემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე და მისთვის პატიმრობის შეფარდებაზეც ისაუბრა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებებს გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამასთან, მეუფე იაკობმა ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ეს არის ძალიან ცუდი. პოლიტიკოსებმა ალბათ უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დასწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტიაა სათავეში ან აპირებს მოსვლას, მთავარია, რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არ მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს.

დიალოგი აუცილებელია, მათ შორის რაღაც შეთანხმებაზე მივლენ. მთავრია, ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ყოველი ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია.

ვაჟა სამი წლის არ იყო, მე – ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ. წესიერი კაცი იყო, კარგად სწავლობდა, პროფესიონალი იყო. იცით, რა გააკეთა, რა იცოდა, რომ ადამიანს უჭირდა და წავიდა მის დასახმარებლად. რომ არ დაეძახათ, ვერც გაიგებდა და არ წავიდოდა. არც დააცადეს, მისულიყო და დახმარებოდა ადამიანს. მერე ათასი ჭორი მოიგონეს. არ ეკადრებათ. ვაჟა და რომელ ომზეა საუბარი. ვაჟა ყოველთვის მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა. ვაჟამ პირველი სკოლა დაამთავრა და არასოდეს ყოფილა ჩხუბის ინიციატორი ,სულ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა. ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსების მიმართ, მეზობლებიც ბევრი გყავდა. ის დაიჭირეს და მიუსაჯეს, თუმცა ამით ვაჟას არაფერი აკლდება. შეხედონ აბა ლაჩარი ვაჟა უნდათ?! რაც გულში აქვს, იმას ამბობს, კაცია. ძალიან სწორად იქცევა. მინდა, მივმართო ოსეთის ხელისუფლებას და რუსების იმ ნაწილს, მათ დააფასონ კაცის ეს საქციელი, მართლმადიდებელი ადამიანის და კარგი ქართველის. მას ხომ ვინმეს სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის, ხომ არ უბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ. მათაც უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება. მე არასოდეს არ მიმიტოვებია ჩემი მეგობრები. ახლაც ვხედავ, სახელმწიფო ბევრს ცდილობს, მაგრამ ერთი კაცი რომ დაიხსნას, ამდენი ხანი სამწუხაროდ ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ პოზიციის და ოპოზიციის ერთობლივი დამსახურება. რომ გვიყურებენ შიგნით, როგორ ვჭამთ ერთმანეთს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გონიერება გამოიჩინონ, თუ უნდათ, რომ ავირჩიოთ, წესიერად მოიქცნენ. სკამებს არ გადააყოლონ საქართველო, რადგან ხალხი ირჩევს მათ და ხალხივე უშვებს. ნურც ერთ მხარეს ნუ გადავუსმევთ თავზე ხელს. სჯობს, საქართველოსთვის იზრუნონ. ყველა გავერთიანდეთ, რომ ლუკას და ცოტნეს მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

ოსებს და რუსებს მივმართავ, ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არ არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებლად შეძლებენ, გააკეთონ. მე უფრო გამიხარდება, ოსმა ხელისუფლებამ თუ დროულად გამოუშვა ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელს ვიწონებ, ასევე მოვიწონებ მათ საქციელსაც, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან. რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ: პირველ ხელისუფლებას არ დავაცადეთ, რაც ჩანაფიქრში ჰქონდა, შემდეგი იყო და სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ. ერთი რამე იცოდნენ, ქართველი ხალხი სკამების დაკავებაზე არ ვართ. თუ ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა – ერთის ცუდი მეორეს არ ამართლებს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2019 12:33