“მეუფე იაკობის განცხადებები გახარიას წინააღმდეგაა მიმართული” – ხელისუფლება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას აფასებს

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც მეუფე იაკობის მტკიცებით, პატრიარქის ჩანაცვლების გეგმაზე მსჯელობას სახელმწიფო კანცელარიაში, მაშინდელი პრემიერის კაბინეტში ესწრებოდა, ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებს.

ამ თემაზე კითხვებს არ უპასუხა არც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. “მოგცლიათ, მორჩით რა,”- მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს, როდესაც მათ კითხვის დასმა სცადეს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, როგორც ყველას, კითხვის ნიშნები მასაც გაუჩნდა. ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის მოქმედებებს უნდა დაელოდოს და შეფასებები მოგვიანებით გააკეთოს.

თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ მეუფე იაკობის განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული.

“მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. ახსნა-განმარტებები საჭიროა მოვითხოვოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის მიმართული გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რადგან ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არის გაგრძელება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიარ ვიძიებთ — პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაპატრიარქი ქალაქგარეთ ბობოყვათში წავიდა