ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა, წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „დიდი შერიგება ეკლესიის შუამავლობით უნდა მოხდეს“.
“ქართველები სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ, აბა გადახედეთ როგორ ვებრძვით ერთმანეთს. თუნდაც ახლანდელი პერიოდი ავიღოთ. 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, უნდა ვიდღესასწაულოთ და შეიძლება, ბანაკებად დაყოფილმა ქართველებმა ვიდღესასწაულოთ?! ჩვენ დავდგეთ იქ [სადღესასწაულო წირვაზე] და სხვა ჩვენი ძმები, თუნდაც ვიღაც თვლიდეს რომ არასწორად იქცევიან… რატომ არ ვინდომებთ, რატომ არ ველაპარაკებით მათ.
როდესაც ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ, მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ. ვევედრებით, რომ ყველა მტერზე გაიმარჯვოს და ქვეყანაში მყუდრო ცხოვრება იყოს. გვაქვს კი ერთმანეთთან მშვიდი და უშფოთველი დამოკიდებულება?
ერთმენეთს ხელი გავუწოდოთ, ასე გაყოფილი როგორია?! სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კი შეშინებულები არიან. არ შეიძლება, ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარკვიოთ საქმეები”- თქვა წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა.

















