მეუფე იაკობი – მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, რომ ჩვენთანაც არეულები დადიან აქეთ-იქეთ, შეიძლება მეც ვიყო მათ შორის ერთ-ერთი

მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, რომ ჩვენთანაც არეულები დადიან აქეთ-იქეთ. შეიძლება მეც ვიყო მათ შორის ერთ-ერთი, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ქართველებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და შერიგება პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.

„რამდენი წელია ვიძახდი – შევრიგდეთ, შევრიგდეთ, მაგრამ შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში. როცა ვამბობდი შერიგებას, ეკლესიაში ვეძახდი ყველას, რომ ეს ეკლესიაში მომხდარიყო, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რამ გვქონდეს სათქმელი ერთმანეთთან, გარეთ გამოტანა არ ღირდეს. როგორც ღმერთი ინახავს ჩვენს ცოდვებს და არ ანახებს თუ ვინ ვართ, ასევე შეიძლება არ იყოს საჭირო, რომ ერთმანეთს წამოვაძახოთ. როცა ეკლესიაში ვიქნებით, სათქმელსაც ადვილად ვეტყვით და არა მგონია, ღირსება ვინმეს შევულახოთ. მძიმე სათქმელს ყველას ეტყვი და მერე გარეთ საქმე აკეთონ. შერიგება და ერთად ყოფნა სადაც ხდება, იქ უნდა მიხვიდე. ყველამ უნდა ავიტანოთ ის, რამეთუ გვაქვს დაშავებული, სანამ ღმერთი მოგვკითხავს თითოეულს, ჯობს ერთმანეთს დაველაპარაკოთ მშვიდობიანად და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც ასეთი სიღარიბე არ იქნება“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქადაგებისას მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ჩვენი ერი, რადგან მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს.

„ბედნიერია ჩვენი ერი და განსაკუთრებით ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ დედაღვთისამ, ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთისშვილობის განცდა მოგვანიჭა თითოეულ ჩვენგანს და თუ ხელს არ კრავ, ღვთისმშობელი ყველას დედაა და განსაკუთრებულია ჩვენთვის. ბედნიერები ვართ ჩვენ, ქართველები და ზოგადად, მთელი მსოფლიო არის ბედნიერი, რომ უკვე ახალი ევა, დედაღვთისა, ყოვლადწმინდა მარიამი გვყავს ჩვენ. რაოდენ საოცარი ადამიანი იყო,აბა, შეხედეთ თუ სადმე განიდიდა თავი?! როგორი მდაბალი იყო, როგორი მორჩილება ჰქონდა. შევთხოვ დედაღვთისას, ქართველებს გონების თვალი გაგვიხილოს და მასავით თავმდაბლობის გავხდეთ, არ გვეგონოს, რომ ვინმეს რამე გვაქვს გაკეთებული. ღმერთმა ადამიანი თიხისგან შექმნა და რა გვაქვს საამაყო? განა თიხას რამე საამაყო აქვს? განა მიწას რამე საამაყო აქვს? ფეხითაც გადავუვლით მიწას, კიდევ ათას რამეს ვყრით და ვაბინძურებთ, რა უნდა ჰქონდეს საამაყო? აბა, რა არის ადამიანი, რატომ არის ასეთი დიდი? – იმიტომ, რომ ღმერთმა თავისი უკვდავი სული შთაბერა, ამით ვართ კარგები და თუ რამე ჩვენში კარგია, ეს ღვთისგან არის. თუ ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, ამას ხომ ღმერთი აკეთებს ჩვენი ხელით?! ვისაც ღმერთი არ სწამს, ის ცოდოა. ჰგონია, რაღაცას აკეთებს, მერე ვითხოვთ ერთმანეთისგან, რატომ არ მომაგებთ შესაბამის პატივს და ამ დროს უნდა გვახსოვდეს რომ მონა ხარ, ისეთი მონა ხარ, საქმესაც რომ ვერ აკეთებ. თუ საქმეს აკეთებ, განა მონას ტაშს დაუკრავენ? რისი მონა ხარ თუ არ გააკეთე?! შვილობა და მითუმეტეს, მეგობრობა თუ გინდა, აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მოვიქცეთ ქართველები. ალბათ, შევეცდებით, რომ გამოსწორდეთ, ერთმანეთის ნერვებსაც გავუფრთხილდეთ და ერთმანეთსაც, რომ მივიღოთ ის, რისი ღირსებიც ვართ და არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენს თავს თვითონ მოვუტანთ ხოლმე“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება! შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა
შემდეგი სტატიაარიან იმედგაცრუებულები და დაღლილიც კი საქართველოში მუდმივი პოლიტიკური კრიზისით – ლომჯარიამ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა