21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

მეუფე იაკობი: ყველა ჭკვიანად იყავით — არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საზოგადოების პოლარიზაციასა და ეკლესიის როლზე ისაუბრა.

მთავარეპისკოპოსმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ურთიერთბრალდებების შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდა.

„ხშირად ვიძახით, რომ შევრიგდეთ, გავერთიანდეთ… ერთი მხრიდან არის, რომ ‘რუსები, რუსები’ უძახიან ვიღაცებს, მეორე მხარეა — ‘აგენტები, აგენტები’ იძახის და რეალურად მაგით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ? თუ იმის შნო არ გქონდა, რომ ნებისმიერთან დაილაპარაკო, ეს იქნება შენი ოკუპანტი თუ არაოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა ეკლესიის ნეიტრალიტეტს, თუმცა პოლიტიკურ სპექტრს მკაცრად მოუწოდა, პატივი ცენ ეკლესიასა და საზოგადოების მოთმინებას.

„ჩვენ მხარე ვერ გავხდებით, მაგრამ გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს და ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს. ვინმე თუ კიდე დააპირებს ჩვენზე პასუხის გაცემას, ვანახებ, როგორ უნდა პასუხის გაცემა. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. გქირაობთ, გირჩევთ… და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად“, — აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან ასევე გაიხსენა პატრიარქის ღვაწლი და აღნიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იდგა და იდგება ერისა და ქვეყნის სადარაჯოზე.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის აღების წესები შესაძლოა გამკაცრდეს — რა ცვლილებები იგეგმება
შემდეგი სტატიაPolitico: მობილიზაციის შიშის გამო, საქართველოში ლარსის გავლით რუსეთის 113 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა