მეუფე იაკობი : გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს

უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში – ამ არჩევნების პერიოდში მტერიც გამოხვიდე, – ამის შესახებ დღეს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა თბილისში წმიდათა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„ეკლესიისგან რა უნდათ? ჩვენ ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის სიკეთე უნდა. გარეჯი ჩვენი ქვეყნის სისხლით დაწერილი ისტორიაა, ექვსი ათასი ბერის ადგილსამყოფელია. გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. თითოეული ბერი, მერწმუნეთ, რომ ღვთის სიყვარულით და ჩვენი ერის სიყვარულით არის აღვსებული და არ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რამე დავთმოთ. ატყდა ერთი ვაი-ვიში: რატომ გააკეთეს, რატომ დაიჭირეს… ჯერ ერთი, ეკლესიას არავინ დაუჭერია – ეკლესიის შიგნითაც არ გვაქვს სასამართლო სისტემა. უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში – არჩევნების პერიოდში, მტერიც გამოხვიდე. ყველა მხარე გაგწირავს. არ უნდათ ეკლესიის ძლიერება.

ამიტომ ამაში ხელი არავის უნდა შევუწყოთ. სჯობს, ყველა დაცხრეს. ძიება, რომელიც დაიწყო, ეს არ შეცვლის გარეჯის საკითხს. აზერბაიჯანელებმა მეგობრობა იციან და საუბარიც იციან. მოვა დრო და ისე დავილაპარაკებთ, რომ ჩვენთვისაც – ქართველებისთვისაც სასიკეთოდ დასრულდება და ისინიც კმაყოფილები დარჩებიან“ , – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი წმინდა სინოდის წევრებსაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ღვთისმსახურები არიან და პასუხს აგებენ ღმერთის და არა პოლიტიკოსების წინაშე.

„მეუფეებს ბევრჯერ მოვუწოდე: ვხედავ საითაც მივდივართ, საითაც მივექანებით. თითოეული პოლიტიკოსი ცდილობს, ხელი მოგკიდოს და თავისკენ წაგიყვანოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ღვთისმსახურები. ცოდვილები ვართ თუ რაც ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთთან ვართ პასუხისმგებლები და არა პოლიტიკოსებთან. რამდენი წელია ეკლესიას აგინებენ და ბევრისგან არ მომისმენია შიგნით, გამოსულიყვნენ და ეკლესია დაეცვათ, პატრიარქის ღირსება დაეცვათ.

ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა ტელევიზიებში და ჟურნალ-გაზეთებში. ამიტომ ვიყოთ სამართლიანები, ნუ შეგვეშინდება ისეთ რამეზე ვესაუბროთ ხალხს, რომ დაძაბულობა მოვხსნათ. საქართველო განვითარდება მაშინ, როდესაც ერთმანეთის დაჭმას მოვეშვებით და ერთმანეთს და საქართველოს შევიყვარებთ. არ ღირს არცერთი სკამი – არც ერში, არც ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: „ოპერაცია დავითგარეჯა ჩავარდა“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება