მეუფე გრიგოლი: თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე არ არსებობს

„ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მეუფე ამბობს, რომ დაპირისპირება და შუღლი ადამიანებს შორის კარგს არაფერს მოიტანს.

ამასთან, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე არ არსებობს.

„მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და არათუ ევროპულ ოჯახს, მე საერთოდ სასუფევლის მოქალაქეობას ვქადაგებ. ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი იყოს ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

ვფიქრობ, ამ პროცესს ძალიან აზიანებს ის გაუგონარი დაპირისპირება, რაც ქვეყნის შიგნით არის. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლარიზება, ეს დაპირისპირება, ასეთი დაუნდობლობა და მიუღებლობა, რაც საზოგადოებაში და ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ეს პოლიტიკურ ჯგუფებში იქნება თუ ადამიანებს შორის ან ნებისმიერი, ეს კარგად არაფერს მოიტანს.

ალბათ უფრო პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს მედიას. თავისუფალი საზოგადოება რომ მედიის გარეშე არ არსებობს, გასაგებია, უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ იმ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა“, – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

banner
წინა სტატიაშიკერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას
შემდეგი სტატიაპარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში ავსტრიის ელჩს – თომას მიულმანს შეხვდა