ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„სამწუხაროდ, ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით იმისა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოწოდებულნი უნდა იყვნენ მტრებისგან სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს.
პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებიც სარგებლობენ თავისი კონსტიტუციური უფლებით; მათ შორის არიან ჩვენი დები და ძმები, დედები და მამები, ბებიები და ბაბუები. ყველა მათგანი ამ ქვეყნის შვილებია ყველა და ისინი მძაფრად რეაგირებენ, როცა სამშობლოს მომავლის მიმართ საფრთხის შეგრძნება ეუფლებათ. დაუშვებლად მიგვაჩნია ამ საზოგადოების დაშინების მცდელობა, მით უფრო, როცა ეს ხდება მსგავსი დანაშაულებრივი სისასტიკით; უწინარეს ყოვლისა, ეს აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დროს სპეციალური ჯგუფების მხრიდან თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც ერთი რიგითი მანიფესტანტის მხრიდან.
ის სისასტიკე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად აღვივებს, ისედაც აღელვებულ საზოგადოებაში, წინააღმდეგობისა და პროტესტის მუხტს, რასაც შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყვეს; ამიტომ დაჟინებით მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები, უწინარეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათ ძირითად უფლებებს უნდა იცავდნენ!“