ფოთისა და ხობის ეპარქია აქვეყნებს წერილს, რომელიც გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა წაიკითხა. განცხადებაში მაღალი იერარქი ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ შექმნილ რეალობასა და საპატრიარქო არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„17 მარტს დაქვრივდა საქართველოს საპატრიარქო ტახტი – ღვთივმიიცვალა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. საქართველოს სამოციქულო ეკლესია დადგა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე: არჩეულ უნდა იქნას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. განუზომლად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიული წარსულის, ისე მისი მომავლისა და ქართველი ერის წინაშე“, — აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.
მისივე თქმით, არჩევნებში წმინდა სინოდის 39 მღვდელმთავარი მონაწილეობს და ახალ პატრიარქს სიცოცხლის ბოლომდე ირჩევენ, რაც თითოეულ მათგანს ავალებს, გადაწყვეტილებას სულიერი და გონისმიერი სიღრმე შეჰმატონ.
















