13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მეუფე ანდრია გვაზავა: რაღაც შფოთსა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლდა რაღაც ჭორები

“არ შემიძლია არ აღვნიშნო და კვლავ ჩემი მადლიერება არ გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც ამ 2-3 დღის განმავლობაში გამოხატა თავისი გრძნობა საქართველოს ეკლესიის მიმართ, საქართველოს წმინდა სინოდის წევრთა მიმართ და ჩემ მიმართ. რაღაც შფოთსა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლდა რაღაც ჭორები და არის ასეთი გამონათქვამი დიდი სპარსელი პოეტის, ომარ ხაიამისა: „თავს ნუ იმართლებ იმიტომ, რომ მეგობარს შენი ისედაც სჯერა, მტერი კი მაინც არ დაგიჯერებსო“. და ყველას, ვინც თავისი გრძნობით და მხარდაჭერით გამოხატა ის, რომ სჯერა ჩემი, მინდა მადლობა მოვახსენო”,_  განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ქადაგებისას.

30 აპრილს TV ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა, რასაც მოსაყდრე შიო მუჯირის მხარდამჭერთა შეშფოთება მოყვა, რადგან ეს მათ მინიმუმ ორი ან სამი ადამიანის ხმას გამოაკლებდა. მათივე ცნობით, მოსაყდრე შიოს მხარდამჭერებმა მიტროპოლიტ ანდრიას “გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, სხდომაზე ითქვა, რომ ამ ამბავს “ჟურნალისტები გამოქექავდნენ” და ეკლესიას რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. სინოდის წევრთა ნაწილმა ეს მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მიმართ ღია მუქარად აღიქვა. საბოლოოდ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა უარი თქვა საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე.

28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. ერთ-ერთ მათგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიკალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა გერმანიიდან მოულოდნელი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიამეუფე გიორგი: რეზიდენციიდან მოიპარეს მეუფე იობის დიპლომი