მეუღლის მიმართ მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპორტსმენი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ბრალს არ აღიარებს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი – 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ოჯახური ძალადობა გახდა. შემთხვევა კი 5 მარტს მოხდა.

საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც მან რამდენჯერმე დაარღვია.

თორნიკე ნაგლიაშვილი დაკავების გამო, საქართველოს პირველობისთვის ვერ იასპარეზა და ასევე ვერც ევროპულ ტურნირზე გაემგზავრა შვეიცარიაში.

ძიუდოისტი მარნეულის პოლიციამ ცოლის საჩივრის საფუძველზე დააკავა. როგორც სპორტსმენის მეუღლის ოჯახში აცხადებენ, პირველად ნაგლიაშვილმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ამჯერად კი საქმე მუქარას ეხება.

ძიუდოისტის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ასევე, არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თორნიკე ნაგლიაშვილის დედა ამბობს, რომ პრობლემას თავად სპორტსმენი და გვანცა ფანგანი მოაგვარებენ.

„სიმშვიდეა, სიწყნარე, ყველაფერი კარგად იქნება. მორიგდებიან ორივე. ძალიან გთხოვთ, ნუღარ შეგვაწუხებთ,“ – ამბობს სპორტსმენის დედა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბატიაშვილი – სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს, ეს ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება
შემდეგი სტატიაგორში დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს