მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, 3 თვით გადაიდო. 30 დეკემბრის ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში უკვე ახალი ვადა – 31 მარტი ფიგურირებს.
ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ “ბადა ქონსტრაქშენს” შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ამ დრომდე არ დასრულებულა ზედა ვესტიბიულის 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული კვლევა-პროექტირების სამუშაოები.
კომპანია ვადის 30 მაისამდე გახანგრძლივებას მოითხოვდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის ნაცვლად მხოლოდ 3 თვით გადავადებას დათანხმდა.
“შპს “ბადა ქონსთრაქშენი” გვაცნობებს, რომ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადაში, იმიტომ რომ ზედა ვესტიბიულში სამუშაოები შეჩერებულია 2025 წლის 5 სექტემბრიდან, ზედა ვესტიბიულის რკინა-ბეტონის გადახურვის კონსტრუქციის კვლევა-პროექტირების სამუშაოების გამო და ითხოვს სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებას 2026 წლის 30 მაისამდე,” – წერია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს, შესაბამისად ის 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო.
















