მეტროს მემანქანეებს 2019 წელს ხელფასი არ გაეზრდებათ

მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასი სავარაუდოდ არც მომავალ წელს გაეზრდებათ. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მემანქანეებისთვის ანაზღაურების ზრდა, 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

“ბიუჯეტში მინიშნებაც კი არ არის, რომ გაიზრდება მემანქანეების ანაზღაურება. საკრებულოში საერთოდ აიცილეს თავიდან ეს კითხვა. “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” არის შპს და თავად გადაწყვეტსო, ასე განაცხადეს. შესაბამისად, დედაქალაქის მერს მოვუწოდებთ, თუ რაიმე ზრდა იქნება, იყოს ამ მიმართულებით: მემანქანეებისთვის, პედაგოგებისთვის, მძღოლებისთვის, მეეზოვეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თბილისს რეალურად ემსახურებიან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა მასშტაბური გაფიცვა მოაწყეს, რის გამოც დედაქალაქის მეტრო რამდენიმე დღე პარალიზებული იყო. ისინი ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენჯერმე შედგა და საბოლოოდ შედგა შეთანხმება. დედაქალაქის მერიის წარმომადგენელი მემანქანეებს დაპირდა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მათთვის ხელფასების ზრდა გათვალისწინებული იქნებოდა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი საქართველო” ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანი პროექტები სენაკში