მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის პროკურატურა 50-50 ათასიან გირაოს ითხოვს

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და ინჟინერი მისცა. ასევე ბრალი წაუყენა სარემონტო სამუშაოების პროექტის ავტორსაც.

ბრალდებულები არ დაუკავებიათ და პროკურატურა სასამართლოს მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

„ყვარელრემმშენის“ დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

„ინტერპრესნიუსისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაობის ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

2017 წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

banner
წინა სტატიაშიდიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება იმიტომ გადადგა, რომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარა
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიაში ექსპერტებად წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნების, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მოწვევას ეწინააღმდეგება