“მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და ძლიერ დემოკრატიულ სისტემას ” – ირაკლი კობახიძე

კვოტირების საფუძველზე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მომდევნო არჩევნებისთვის სულ მცირე 25%-მდე, იმის შემდგომ არჩევნებზე კი ეს მაჩვენებელი 33%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ქალები ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, რაც შემაშფოთებელია.

„მსოფლიოს ქვეყნებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, საქართველოს 130-ე ადგილი უკავია. ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს ყველაფერი ასე აღიქმება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება და ბევრ დროს წაიღებს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე.

„ის, რომ პარლამენტში ქალები 15%-ით არიან წარმოდგენილნი, ბუნებრივი მდგომარეობა არ არის და საზოგადოებაში არსებულ ბალანსს არ ასახავს. მკვეთრი დისბალანსია. კვოტირება ხელოვნური ჩარევაა და ბუნებრივია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა ეს ის ხელოვნური ჩარევაა, რომლის მიზანიც ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფაა. წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი, სადაც ადამიანებს ობიექტური კონკურსების საფუძველზე არჩევენ. ამ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე უმეტესად ქალები აყავდათ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქალებში იმაზე მეტი რესურსია, ვიდრე ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებაში ვიყენებთ. ამ სამწუხარო რეალობას ცვლილება სჭირდება და ამ ცვლილებას გენდერული კვოტირება უზრუნველყოფს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეტი ქალი პარლამენტში უფრო ძლიერ პარლამენტს, უფრო ძლიერ კონსტიტუციურ სისტემას და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას ნიშნავს.

„ჩვენ გენდერული კვოტვირების შესახებ კანონპროექტს მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის ემოციური დამოკიდებულება, რომელსაც ეს საკითხი იწვევს. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება კვოტირება მკვეთრად ნეგატიურად შეფასდეს. რაც შეეხება დადებით ასპექტებს, გარკვეული არგუმენტები ორივე მხარესაა, თუმცა იმ ნეგატიურმა არგუმენტებმა, რომელიც წარმოდგენილი იყო, ვერ დამარწმუნა. კვოტირების სასარგებლოდ ძალიან ბევრი დადებითი არგუმენტი არსებობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პარლამენტში და საარჩევნო კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტის დანერგვა. კვოტირების საფუძველზე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მომდევნო არჩევნებისთვის სულ მცირე 25%-მდე უნდა გაიზარდოს. იმის შემდგომ არჩევნებზე კი ეს მაჩვენებელი 33%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გენდერული კვოტირების საკითხის ღია მხარდაჭერისთვის.

„მინდა, პრემიერ მინისტრს მადლობა გადავუხადო, რომელმაც გენდერულ კვოტირებას მხარი ღიად დაუჭირა. რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ლუკაშენკოს ნაჩუქარი ტრაქტორით
შემდეგი სტატიაქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული