მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა -თურნავა

მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციასა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

„როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ზრდის მთელი ღირებულება არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აისახოს დამატებით სამუშაო ადგილებში, გაზრდილ შემოსავლებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, სადაც, მინიმუმ, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი, ასევე წიაღის ახალი სტრატეგია, რომელიც 3000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 3500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს დასაქმებას ყველაზე მაღალანაზღაურებად, მაღალტექნოლოგიურ სექტორებში.

„ასევე შემიძლია ვისაუბრო მეზღვაურების დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე, ტექსტილისა და სამკერვალო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად, იმ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც 2018 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო პირველად ისტორიაში დაქირავებულთა რიცხვმა გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
შემდეგი სტატია“ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტისგან მხარდაჭერა არ აქვს”