მეთიუ მილერი – ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, EU საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილ 30 მილიონ ევროს გაყინავს.

მეთიუ მილერმა გაიმეორა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მათი მხრიდან “შედეგი მოჰყვება”.

“რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო სათანადო კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. მაგრამ მე ვიცი, რომ მათ [ევროკავშირში] ცხადად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ცხადად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”, – თქვა მეთიუ მილერმა.

ჟურნალისტმა მას ასევე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების “გადახედვა კვლავ გრძელდება”.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაშინების კამპანიაზეც ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:

“ცხადია, ჩვენ ვეწინააღმდეგებით განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებს და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, იგივე პოზიცია გამოვხატეთ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებითაც, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური და დემოკრატიული დისიდენტური ხმების ჩასახშობად. ეს არის ქართული ოცნების ქცევის შემაშფოთებელი ნიმუში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ეს შეცვალონ”, – თქვა მეთიუ მილერმა.

***

დღეს, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. გარდა ამისა, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა, ხოლო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლად შეაფასა.

5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

banner
წინა სტატიაშიაბსურდია, უბრალოდ აღვნიშნავ რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს – მილერის პასუხი რუსეთს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრს “მონა” და „ბიძინას რუსი” ეძახეს (ვიდეო)