აშშ-ს არ მიუღია უკრაინისგან გაფრთხილება კურსკის ოლქში რაიმე სახის ოპერაციის დაწყების თაობაზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, არაფერია უჩვეულო იმაში, რომ უკრაინა ამერიკას არ აფრთხილებს თავის ტაქტიკაზე განხორციელებამდე.
„ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვამარაგებთ და კონსულტაციას ვუწევთ. თუმცა როდესაც საუბარი მიდის ყოველდღიურ ტაქტიკაზე, ყოველდღიურ თავდასხმებზე, ჩვენ მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან არა. მართებულია, თავად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მილერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არღვევს თუ არა უკრაინა აშშ-ის აკრძალვას, რომ არ გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმისთვის, მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ამ მხრივ არ შეცვლილა.
„იმ ქმედებებით, რომელსაც უკრაინელები ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ“, – განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამარხების ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს. შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.