Meta-მ მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნებამდე და დაგეგმილ რეფერენდუმამდე ყალბი ანგარიშების ქსელი გააუქმა, რომლის სამიზნე მოლდოვაში რუსულენოვანი მოსახლეობა იყო.
ამასთან, მოლდოვის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაბლოკეს ათობით Telegram-არხი და ბოტი, რომლებიც ამომრჩევლების მოსყიდვას ემსახურებოდნენ – სანაცვლოდ ამომრჩევლებს რეფერენდუმზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრებას ეხება, უნდა ეთქვათ, რომ გაწევრების წინააღმდეგი არიან.
Meta-მ ის ყალბი ანგარიშები დაბლოკა, რომლებზეც პრემიერმინისტრ, მაია სანდუს, ასევე სხვა პროევროპულ პოლიტიკოსებს აკრიტიკებდნენ, ხოლო პრორუსულ პარტიებს მხარს უჭერდნენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ყალბი ანგარიშების საქმიანობა დაკავშირებული იყო ათობით რუსულენოვან საინფორმაციო სააგენტოსთან, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი, როგორც Facebook-ზე, ისე Instagram-ზე, Telegram-ზე, OK.ru-სა და TikTok-ზე.
Meta -ში ამბობენ, რომ “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” შესახებ მათი პოლიტიკის დარღვევისთვის Facebook-ის 7 ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და Instagram-ის 20 ანგარიში გააუქმეს.
გარდა ამისა, მოლდოვის ეროვნული გამოძიების ინსპექტორატმა გააკეთა განცხადება, რომ Telegram-ზე 15 არხი და 95 ბოტი დაბლოკეს, რომლებიც ამომრჩევლებს ფულს სთავაზობდნენ.
მოლდოვაში არჩევნები და ევროკავშირში გაწევრების რეფერენდუმი 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.